საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ესტონეთს შანსი არ დაუტოვა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ესტონეთს შანსი არ დაუტოვა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა წარმატებით დაიწყო ტალინის საერთაშორისო ოთხთა ტურნირი. იგორ კოკოშკოვის გაწვრთნილმა ქართველებმა მასპინძელთა ნაკრები იოლად – 90:76 დაამარცხეს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენმა ნაკრებმა საკმაოდ ნაყოფიერი შეკრება გაიარა ავსტრიაში. შეგახსენებთ, რომ შარშან, ქართველებმა ამავე ტურნირზე ესტონელებთან წააგეს, დღეს კი მასპინძლებს შანსი არ დაუტოვეს.

საქართველოს ნაკრებში საუკეთესო შედეგი ვიქტორ სანიკიძეს ჰქონდა – 20 ქულა და 11 მოხსნა. შესანიშნავად ითამაშა ნატურალიზებულმა ამერიკელმა ჯეისონ პულენმა, რომელმაც 12.36 წუთში 14 ქულა მოაგროვა. პულენმა 5-დან 4 სამქულიანი ჩააგდო, რითაც საკუთარი სნაიპერული თვისებები კარგად გამოავლინა.
მატჩის შემდეგ ტალინში დავუკავშირდით ნაკრების მწვრთნელ დავით უსტიაშვილს, რომელმაც შემდეგი კომენტარები გააკეთა:
– თამაშით კმაყოფილები ვართ, რადგან საბოლოოდ დამაჯერებელი სხვაობით მვიგეთ. საქართველოს ნაკრებმა ხასიათი გამოავლინა და მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლებმა შეხვედრა კარგად დაიწყეს და პერიმეტრიდან ზუსტი თამაშის წყალობით ხელჩასაჭიდი სხვაობით დაწინაურდნენ, ჩვენმა გუნდმა მოახერხა თამაშზე კკონტროლის დაწესება. დაცვაში ზუსტი თამაშით ესტონელებს შეტევაში წარმატების შანსები შევუმცირეთ და მესამე მეოთხედში სოლიდური უპირატესობა მოვიპოვეთ…
– ვერავის გამოვყოფ, მთლიანად გუნდმა კარგად ითამაშა. ავსტრიული შეკრების შემდეგ პირველად ვთამაშობდით და იყო გარკვეული შეცდომები, რომელიც ნელ-ნელა, მომავალ ამხანაგურ მატჩებში გამოსწორდება. გუნდის წევრები კარგ ფორმაში არიან, რაც მომავალ მატჩებში წარმატების მიღწევის იმედს იძლევა.
– დღევანდელ მატჩში ჩვენ არჩევანი ჯეიკობ პულენზე გავაკეთეთ, კორი ფიშერი კი ისვენებდა. ამხანაგური ტურნირია და გვქონდა 2 ამერიკელით თამაშის შესაძლებლობა, მაგრამ ეს არ გავაკეთეთ, რადგან ოფიციალურ მატჩებში უკვე 2 ნატურალიზებულ კალათბურთელს ვეღარ ვათამაშებთ. პულენმა პირველად ითამაშა ჩვენს გუნდში და მიუხედავად ამისა, ისე გამოიყურებოდა, როგორც ჩვენი ნაკრების სტაჟიანი წევრი. ის ზალიან შედეგიანი იყო, 12 წუთში 14 ქულა დააგროვა. მწვრთნელებმა მისი შესაძლებლობები თვალნათლივ დავინახეთ, ხვალ კი კორი ფიშერს გამოვცდით.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ხვალ ამერიკის სტუდენტური ლიგის ნაკრებს შეხვდება, რომელიც დღეს ტურნირის მეოთხე მონაწილე ჩეხეთთან დამარცხდა.
ტალინის საერთაშორისო ოთხთა ტურნირი. 29 ივლისი
ესტონეთი 76:90 საქართველო
27:28, 14:18, 15:28, 20:16
საქართველო: ცინცაძე (14), სანიკიძე (20), მარკოიშვილი (11), შენგელია (14), შერმადინი (6); პულენი (13), ფაცაცია (5), მეტრეველი (5), ა.ბოისა (2).
სრული სტატისტიკა:
http://www.basket.ee/index.php?mid=6§ion=boxscore&gid=2013093002

ჯეიკობ პულენი საქართველოს ნაკრების მაისურით