საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ირლანდიაში 94:77 გაიმარჯვა

ევროპის ჩემპიონატი. B დივიზიონი. 10 სექტემბერი. დუბლინი
ირლანდია 77:94 საქართველო
13:23 20:14 13:23 31:34
ირლანდია: მაკგრატი (32), ორეილი (15), მატაჟი (10)
საქართველო: ცინცაძე (4), ელისი (20 ქ. 5 სამქულიანი), სანიკიძე (31 ქ. 3 სამქულიანი), ვ. ბოისა (12), ფაჩულია (16); სათადარიგონი: ცქიტიშვილი (8), გამყრელიძე (3), ა, ბოისა, ტუღუში, შერმადინი, ბერიშვილი
 
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ირლანდია სტუმრად 94:77 დაამარცხა და ლუქსემბურგში კარგად დაწყებული საქმე დუბლინში მოხდენილად გააგრძელა. ირლანდია არ განეკუთვნება ფავორიტთა კატეგორიას, მაგრამ შინ თამაშობდა და თან წინა ტურში შვედეთში მასპინძლებს სამი მეოთხედი გაუძალიანდა. ჩვენი ნაკრებიც ძალიან ფრთხილობდა. კელტებმა კი გვანერვიულეს თავიდან, პირველი ტაიმი მხოლოდ 4 ქულით დაგვითმეს, მაგრამ მეორეში იგორ კოკოშკოვის დამოძღვრილი გუნდი სულ სხვანაირად დამუხტული გამოვიდა მოედანზე და ირლანდიელები საბოლოოდ სოლიდური სხვაობით დაამარცხა.

სანიკიძე და ცქიტიშვილი
თამაში მასპინძლებმა უკეთ დაიწყეს, 5:1 დაწინაურდნენ, მაგრამ ჩვენები მალევე გამოერკვნენ და პირველი მეოთხედი 32:13 მოიგეს. თავი სანიკიძემ ისახელა, რომელმაც რამდენიმე ბურთი ჩააგდო და როცა ჩვენი დაცვაც მედგრად დადგა, ლიდერობაც ხელჩასაჭიდი მოვიპოვეთ.
მეორე მეოთხედი, როცა ირლანდიელთა მოთამაშე მწვრთნელი ჯეი ლარანაგა ათმაშდა, ყველაზე რთული პერიოდი აღმოჩნდა კოკოშკოვის გუნდისთვის. 33 წლის ლარანაგამ რამდენიმე სამქულიანი ჩაგვიგდო და ირლანდიელებმა 27:32 შეამცირეს სხვაობა. ქართველებს ცოტა გაუჭირდათ, ირლანდიელებს კი გული მოეცათ და პირველი ტაიმის ბოლო სამ წუთში ჩვენებმა მხოლოდ 1 ბურთი ჩაგდეს. შესაბამისად, მეოთხედი 14:20 წავაგეთ და დიდი შესვენებისთვის კოკოშკოვის გუნდს ხელთ 4–ქულიანი ლიდერობაღა შემორჩა – 37:33.
მეორე ტაიმში სულ სხვა საქართველოს ნაკრები გამოვიდა მოედანზე. ვიქტორ სანიკიძემ სამქულიანით დაუდო ჩვენების გაქცევას სათავე და მესამე მეოთხედის საწყის 2 წუთში მასპინძლება ქულა ვეღარ შეიმატეს. ჩვენების 10–ქულიანი ლიდერობა მალევე აღდგა, თუმცა ქართულად ნატურალიზებულმა ამერიკელმა, ტაირონ ელისმაც გაისწორა შორეული სამიზნე და კოკოშკოვის გუნდი გადამწყვეტი მეოთხედის წინ 14 ქულას იგებდა – 60:46.
ბოლო მეოთხედში ჩვენებმა დაცვის მარყუჟებს მოუშვეს და თამაში გაიხსნა. ორივე გუნდი ქულების ხვეჭას მიეძალა, თუმცა ირლანდიელები რამდენსაც აგდებდნენ, ქართველები იმაზე მეტით პასუხობდნენ და ევროპული კალათბურთისთვის შეუფერებლად უხვქულიანად დასრულებული ბოლო მეოთხედის (34:31 ქართველებმა მოიგეს) შემდეგ საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა: 94:77 საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ.

 დავით უსტიაშვილი, საქართველოს ნაკრების ასისტენტი მწვრთნელი:
– ძალიან მებრძოლი გუნდია ირლანდია და მოდუნების საშუალება არ მოუცია. საბოლოოდ დამაჯერებელი სხვაობით კი მოვიგეთ, მაგრამ ეს არ იყო იოლად მოსული გამარჯვება. ყველა კალათბურთელმა მაქსიმუმი ჩადო თამაშში.
– თავიდანვე შეგვეძლო, საიმედო სხვაობით დავწინაურებულიყავით, მაგრამ მასპინძლები სამქულიანებს კარგად ესროდნენ და წინ გაჭრის საშუალებას არ გვაძლევდნენ. მეორე მეოთხედში ცოტა წამოგვეწივნენ, სხვაობა 4 ქულამდეც შეამცირეს, მაგრამ შესვენების შემდეგ ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ წარიმართა. ვიქტორ სანიკიძემ ძალიან მნიშვნელოვანი ქულები ჩაგდო, რომ აღარაფერი ვთქვა მოხნილ ბურთებზე. რაც მის ზონაში მოხვდა, ვიქტორმა ფარიდან ასხლეტილი ყველა ბურთი მოიხელთა და მეტოქის გატეხვაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. მიუხედავად ამისა, ირლანდიას მაინც გუნდური თამაშის წყალობით ვაჯობეთ, ელისმა, ფაჩულიამ, ვლადიმერ ბოისამ და ცქიტიშვილმა საკმაოდ მაღალ დონეზე ითამაშეს.
– ცქიტიშვილი რომ ხუთეულში არ იყო, ეს ჩვეულებრივი მომენტია. ის სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო თამაშში და მოედანზეც საკმაოდ ბევრი დრო დაჰყო. ნამდვილად არა აქვს მნიშვნელობა, ვინ დაიწყებს თამაშს, მთვარი შედეგია და ეს ყველას კარგად აქვს გაცნობიერებული. დღეს ასე იყო საჭირო, მომავალ მატჩი შეიძლება განსხვავებული ხუთეული ვიხილოთ.
– რა თქმა უნდა, გვქონდა ხარვეზები, ამისგან არავინაა დაზღვეული, თუმცა მთლიანობაში კარგი თამაში გამოვიდა. ახლა უკვე მომდევნო მეტოქე სლოვაკეთზე გადავერთეთ, სადაც ხვალ დილას მივემგზავრებით და მატჩამდე მოსამზადებლად საკმარისი დრო გვექნება.
– აუცილებლად უნდა აღვნიშნო ის ატმოსფერო, რომელიც დარბაზში სუფევდა: უამრავი ქართული დროშა და ჩვენი თანამემამულე. „საქართველ–საქართველო“ მთელი მატჩის განმავლობაში ისმოდა და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ უფრო მხურვალე ქომაგობა გვქონდა, ვიდრე მასპინძლებს. ვინც კი დუბლინში ქართველი იყო, უმეტესობა ჩვენს მხარდასაჭერად მოვიდა, რისთვისაც დიდი მადლობა მათ. ყველას ძალიან გაგვეხარდა რომ ქომაგები არ გავაწბილეთ. წინ უფრო რთული მატჩები გველის და მათში საბრძოლველად საკმაოდ კარგად ვართ მომზადებულნი. გუნდში ძალიან კარგი განწყობაა, ყველა ერთ მუშტადაა შეკრული.

ბესიკ ლიპარტელიანი, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი:
„დადებითად შევაფასებ ამ შეხვედრას. ჩვენმა გუნდმა გამოავლინა მტკიცე ხასიათი და ძალიან მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია სტუმრად. თუმცა არ მინდა ახლა ხმამაღალი განცხადების გაკეთება და რაიმე დასკვნის გამოტანა. წინ ორი ურთულესი მატჩი გველის და მას შემდეგ შეგვეძლება უფრო კონკრეტულად საუბარი…
… თავად ამ მატჩში კი ჩვენებმა კარგად ითამაშეს. ცოტა კრიზისული მომენტი მეორე მეოთხედში გვქონდა, როცა მეტოქე კუდში მოგვდევდა, მაგრამ მეორე ნახევარში ყველაფერი გამოვასწორეთ. რაც მთავარია, საქართველოს ნაკრებმა გუნდური თამაშის ხარჯზე მოახერხა წარმატების მიღწევა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ხვალ ჩვენი გუნდი სლოვაკეთში მიემგზავრება, სადაც ამაზე რთული მატჩი გველის“.
ჩვენსავე ჯგუფში უაღრესად დაძაბული მატჩი გაიმართა სლოვაკეთსა და შვედეთს შორის. თითქმის მთელი თამაში შვედები იგებდნენ, ბოლო მეოთხეშიც სოლიდურად ლიდერობდნენ, მაგრამ მასპინძლება თავგანწირვა გამოიჩინეს და ცოტაც რომ გამართლებოდათ, გაიმარჯვებდნენ. საბოლოოდ სკანდინავიელებმა 89:88 მოიგეს და ქართველების დარად ჯგუფში ორიდან ორი გამარჯვება მოუგროვდათ.
სატურნირო ვითარება
საქართველო       2     2     0     192:142     4
შვედეთი             2     2     0     171:151     4
ირლანდია          2     0      2     140:176     2
სლოვაკეთი         1     0      1      88:89       1
ლუქსემბურგი     1     0      1      65:98       1
საქართველოს პირველ წრეში დარჩენილი მატჩები: 13 სექტემბერს სლოვაკეთში (20 საათზე თბილისის დროით) და 17 სექტემბერს შვედეთში (21 სთ)