საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მზადება გაფართოებული შემადგენლობით დაიწყო

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მზადება გაფართოებული შემადგენლობით დაიწყო

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწრთნელმა ილიას ზუროსმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. ბერძენი სპეციალისტის მიერ შერჩეულ 19 კალათბურთელში 2 ამერიკელია – თად მაკფადენი და მეტ ჯენინგი, თუმცა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მომავალ მატჩებში საქართველოს ნაკრების ღირსებას ჯენინგი დაიცავს, რომელმაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქის პასპორტი დღეს აიღო. ესპანური “ბასკონიას” ამერიკელი მსროლელი 3 დღეა საქართველოშია და ის მოქალაქეობის მიღებას ელოდებოდა. 

მეტ ჯენინგი 2010 წლის დრაფტზე არ აირჩიეს, თუმცა “ფინიქს სანსმა” მას კონტრაქტი გაუფორმა. ჯენინგმა არიზონელთა გუნდის მხოლოდ 1 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ნოემბერში ის გუნდიდან გაუშვეს. NBA G ლიგის 2 გუნდში თამაშის შემდეგ ჯენინგი ევროპაში გადავიდა. მან იტალიურ “მონფერატესა” და “მონტეპასკიში” ითამაშა, შემდეგ იყო “ციბონა”, თურქული “ეფესი”, იერუსალიმის “ჰაპოელი” და რუსული “ლოკომოტივ-ყუბანი”.

2017 წლიდან ის ბასკონიაშია. 6 ივლისს მან ბასკურ კლუბთან ახალი, 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო პირველობის შესარჩევი ტურნირის პირველი ეტაპი დაძლია და 13 სექტემბრიდან მეორე ეტაპში ჩაებმება. ჩვენი ეროვნული გუნდი ფიბა-ს მიერ გამოყოფილ 3 სათამაშო ფანჯარაში 6 მატჩს გამართავს. პირველი ფანჯარის ფარგლებში ილიას ზუროსის გუნდი 13 სექტემბერს ისრაელში ამ ქვეყნის ნაკრებს დაუპირისპირდება, ხოლო 16 სექტემბერს თბილისში საბერძნეთს უმასპინძლებს.

საქართველოს ნაკრები “დინამოს” საწვრთნელ ბაზაზე ემზადება. უახლოეს დღეებში ნაკრებს გოგა ბითაძე, გიორგი შერმადინი და თორნიკე შენგელია შეუერთდებიან. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები პირველ საშინაო მატჩს 16 სექტემბერს, თბილისის სპორტის სასახლეში საბერძნეთთან გამართავს.

შეხვედრა 19:00 საათზე გაიმართება და მასზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია. ბილეთების ფასი  5, 10, 15 და 25 ლარია ➡ tkt.ge/basketball