წარუმატებლად დაიწყო ჩვენი 16-წლამდელებისთვის ევროპის კადეტთა ჩემპიონატი. დღეს, იტალიის ქალაქ პესკარაში გელა წულაძის გუნდმა ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩი ისრაელთან 55:71 წააგო და და ახლა დარჩენილ ორ მატჩში მინიმუმ ერთი გამარჯვება სჭირდება, მომდევნო ეტაპზე რომ გავიდეს.
ისრაელთან შეხვედრა რომ იოლი არ იქნებოდა, ეს თვიდანვე ცხადი იყო. ებრაელებს სწორედ იმ პოზიციაზე ჰყავთ მარჯვე ბიჭები, სადაც საქართველოს ნაკრებს ყველაზე მეტად უჭირს: ფარქვეშ. გელა წულაძის გუნდში ერთადერთი გამოკვეთილი ცენტრია, ირაკლი ალხანაიძე, რომელიც, ცხადია, მარტო ვერ გაუმკლავდა ტანმაღალ მეტოქეებს.
საქართველოს კადეტთა ნაკრები
შესაბამისად, ქართველები ებრაელთა საჯარიმოში იოლად ვერ შედიოდნენ და ცდილობდნენ, ქულები შორი სროლებით მოეგროვებინათ. ამიტომაც იყო, საბოლოო ოქმში გუნდების მიერ ნასროლ სამქულიანებში უდიდესი განსხვავება რომ დაფიქსირდა. ქართველებმა მთლიანობაში 32 სამიანი ტყორცნეს, როცა ებრაელებმა მხოლოდ 5-ჯერ შეუტიეს პერიმეტრის მიღმიდან. ბევრი სამქულიანის სროლა ზოგადად კარგია, მაგრამ თუკი ვერ გამოიყენებ, წასაგებად განწირული ხარ.
სამაგიეროდ, საშუალო სროლებში ებრაელთა ნაკრების დიდი უპირატესობა დაფიქსირდა, რაც სწორედ მათი ტანმაღალი მეფარეების დამსახურებაა. ჩვენმა მეტოქემ 57 ორქულიანი ესროლა და უმეტესობა სამწამიანი ზონიდან, როცა ქართველებმა პერიმეტრის შიგნიდან მხოლოდ 28 ტყორცნა განახორციელეს. ერთი სიტყვით, ჩვენი ნაკრების დამარცხების მიზეზი ფარის წაგება და გამოუყენებელი სამქულიანებია.
წულაძის გუნდმა თავიდანვე ცუდად დაიწყო. დებიუტშივე ჩამორჩა და პირველი მეოთხედი 9:23 დათმო. ორივე გუნდი ბევრ ბურთს კარგავდა და სროლებსაც აცილებდა, მაგრამ ებრაელები იმით სარგებლობდნენ, რომ ფარქვეშ გაბატონდნენ და ჩვენებზე მეტი ქულაც მოაგროვეს.
ამის შემდეგ ქართველებმა ერთი გაიბრძოლეს. ლევან ელიაძის მოედანზე გამოსვლამ და რამდენიმე ბურთის ჩაგდებამ სხვებიც შეაგულიანა და ქართველებმა მეორე მეოთხედის საწყისი 6 წუთი 11:2 მოიგეს, რითაც სხვაობა 5 ქულამდე შეამცირეს: 20:25. ელიაძესთნ ერთად თავი გოგა ჯავახიშვილმა და მერაბ ბოქოლიშვილმა გამოიჩინეს. გაჩნდა იმედი, რომ წულაძის შეგირდები საქმეს გამოასწორებდნენ, მაგრამ ებრაელებმა წუთშესვენება აიღეს და შემდეგ ისევ მძლავრად შეუტიეს. ტომერ ბენ ავენი და გაი ლევი ერთმანეთის მიყოლებით აგდებდნენ ორიანებს და დიდი შესვენებისთვის ისრაელი 13 ქულას იგებდა: 35:22.
მეორე ტაიმის შემდეგ მდგომარეობა კი არ გამოსწორდა, არამედ გაუარესდა. ებრაელები აგრძელებდნენ ჩვენი ფარის სამწამიანი ზონიდან დალაშქვრას და მესამე მეოთხედის შუაწელში ქართველების ჩამორჩენამ 20-ქულიან ზღვარს გადააბიჯა. ბოლო მეოთხედი ფორმალობა გამოდგა, რადგან ისრაელი დიდი სხვაობით იგებდა, ქართველები კი მეტოქეს ფარქვეშ ვერაფერს უპირისპირებდნენ, სამქულიანებსაც აცილებდნენ და თამაშიც ასე ჩამთავრდა.
ჩვენებმა ბოლო წუთებზე სხვაობა ოდნავ რომ შეამცირეს, ცენტრალური თავდამსხმელის, ირაკლი ალხანაიძის დამსახურებაა. სხვათა შორის, ყველაზე მეტი ქულა ჩვენიანთაგან სწორედ ამ ერთადერთმა გამოკვეთილმა ცენტრმა მოაგროვა. მის ანგარიშზე 16 ქულა იყო, რითაც ის მატჩის ბომბარდირი კი გახდა, მაგრამ ამით წულაძის გუნდმა ვერაფერი იხეირა.
ჩვენი კადეტები ხვალ, გვიან ღამით, ფრანგ თანატოლებს შეხვდებიან, ხოლო ზეგ რუსებთან მოუწევთ დაპირისპირება.