საქართველოს კადეტთა ნაკრებმა უკრაინელებს მესამე მატჩში ვეღარ აჯობა

ამხანაგული მატჩი. კიევი. 11 ივლისი
უკრაინა (U-16) 100:69 საქართველო (U-16)
 
უკრაინელებთან გუშინდელი გამარჯვების შემდეგ საქართველოს კადეტთა ნაკრების მწვრთნელმა გია კაზანჯიანმა თქვა, ხვალ ძირითადად სათადარიგოებს ვათამაშებო და შეასრულა კიდეც. ამან ქართველების თამაშზე ადეკვატურად იმოქმედა და ჩვენმა კადეტთა ნაკრებმა უკრაინელებთან ბოლო, მესამე მატჩი 69:100 წააგო.
თუმცა სანამ მოედანზე ძირითადი ხუთეულის მოთამაშეები იყვნენ, ქართველებს არ გასჭირვებიათ და პირველი მეოთხედის შემდეგ ჩვენი 16–წლამდელები 10 ქულას იგებდნენ, თუმც მერე მოედნიდან ნიკა რამიშვილი და ბექა ბურჯანაძეც გავიდნენ და თითქმის მთლიანად სათადარიგო შემადგენლობით დარჩენილმა საქართველოს ნაკრებმა წააგო.
თამაშში მონაწილეობა არ მიუღია ჩვენი გუნდის ერთ–ერთ ლიდერ ოთარ ფხაკაძეს, გელა გულმაგარაშვილი და წინა მატჩის გმირი გეგა მესხიც ისვენებდნენ. როგორც ჩანს, გია კაზანჯიანმა ოპტიმალურ შემადგენლობას უკვე მიაგნო და ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც 6 აგვისტოს იწყება, საორჭოფო არაფერი ექნება.
ქართულ–უკრაინული დაპირისპირების მესამე მატჩში მასპინძლებს გვარიანი ლაფსუსი მოუვიდათ. შუა თამაშში მწყობრიდან გამოვიდა სტატისტიკის დამთვლელი კომპიუტერი და მდივან ოპერატორებმა მხოლოდ ანგარიშის დათვლა მოახერხეს. თუმცა როგორც უკრაინიდან ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გია კაზანჯიანმა გვაცნობა, ქართველებისგან ყველაზე შედეგიანი ლევან ლოლიშვილი გახლდათ, რომელმაც 17 ქულა მოაგროვა. ლოლიშვილმა წინა 2 მატჩში მთლიანობაში 4 ქულა მოაგროვა, თუმცა როცა მოედანზე მეტი ხნით ყოფნის შანსი მიეცა, თავი ბომბარდირობით გამოიჩინა.
მაშ ასე, ქართველმა 16–წლამდელებმა უკრაინული ტურნე დაასრულეს და თბილისში 2 გამარჯვებითა და 1 მარცხით ბრუნდებიან.
 

ქართველმა მარქაფებმა უკრაინელები ვერ შეაკავეს