საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ლატვიაშია და 1 ივლისს, თბილისის დროით 19:00 საათზე უკრაინას დაუპირისპირდება. მოგეხსენებათ, უკრაინაში საომარი მოქმედებებია და ეს ქვეყანა ვერ მასპინძლობს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩებს. უკრაინელებმა ლატვიის დედაქალაქი შეარჩიეს და საქართველოს სწორედ რიგაში უმასპინძლებენ.
საქართველოს ნაკრები ლატვიაში დღეს, გამთენიისას გაფრინდა და სტამბოლის ტრანზიტით რიგაში ადგილობრივი დროით 12:00 საათზე ჩაფრინდა. ჩვენს ნაკრებს რიგის აეროპორტში ქართული დროშებით შეიარაღებული ქომაგები დახვდნენ, რომლებსაც მობილიზება ქართველმა ჟურნალისტმა, თენგიზ პაჭკორიამ გაუკეთა.
ილიას ზუროსის გუნდი რიგის ცენტრში, სასტუმრო პულმენში დაბინავდა და ჩასვლის დღესვე ვარჯიში დაგეგმა. 29 ივნისს, ილიას ზუროსი კალათბურთელებს მსუბუქად ავარჯიშებს. რიგაში ჩასვლის დღეს შედარებით მეტი საქმე ფიზმომზადების მწვრთნელ ირაკლი შიოშვილს და ექიმებს – თემურ ხვედელიძეს და ზურა სულეიმანაშვილს ექნებათ, რომლებმაც მაქსიმუმი უნდა გააკეთონ, რომ მგზავრობით გადაღლილ კალათბურთელებს ძალების აღდგენაში დაეხმარონ.
საქართველოს ნაკრები ლატვიაში 13 კალათბურთელით ჩავიდა, რომელთაგან უკრაინასთან მატჩის განაცხადში 12 მოხვდება. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი განახორციელებს.