საქართველოს კალათბურთის ფედერაციის განცხადება

ბოლო დღეებში ქართულ სპორტულ და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პრესაში ვრცელდება ინფორმაცია მავანი ქართული გუნდის აზერბაიჯანში გამართული ამხანაგური მატჩების შესახებ. პრესაში ხაზგასმულია ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანში იმყოფებოდა საქართველოს 18-წლამდელთა (ზოგიერთ გამოცემაში – ახალგაზრდული) ნაკრები გუნდი, რომლის მწვრთნელია ნუგზარ კანდელაკი.
სამწუხაროდ, საქართველოს კალათბურთის ფედერაციისათვის სრულიად გაურკვეველი მიზეზების გამო, გამოქვეყნებულ მასალებში დაშვებულია, რბილად რომ ვთქვათ, უზუსტობები და საზოგადოება სერიოზულ შეცდომაშია შეყვანილი.
კალათბურთში საქართველოს ნებისმიერი ნაკრების (იქნება ეს ეროვნული თუ სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის) ჩამოყალიბება, მწვრთნელის დანიშვნა და ამა თუ იმ შეჯიბრებასა ან ტურნირზე მივლინება არის მხოლოდ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ექსკლუზიური უფლება. აქედან გამომდინარე, კალათბურთის ფედერაცია სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ აზერბაიჯანში არ იმყოფებოდა საქართველოს არც 18-წლამდელთა და არც არანაირი ნაკრები გუნდი.
აზერბაიჯანელ კოლეგებთან ინფორმაციის გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ აზერბაიჯანში ამხანაგური თამაშები გაუმართავს საკალათბურთო კლუბ “თბილისს”, რომლის ბაქოში მივლინებასთან დაკავშირებით ფედერაციას არანაირი კავშირი არ გააჩნია და შესაბამისად, პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ამ გუნდის წევრების საქციელის გამო, რასაც ერთ-ერთი მატჩისას მოჰყვა ჩხუბი და შემდეგ, თამაშის ჩაშლა.
გაურკვევლობის თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს კალათბურთის ფედერაცია კიდევ ერთხელ შეახსენებს საზოგადოებას ქვეყნის ასაკობრივი ნაკრები გუნდების მთავარი მწვრთნელების ვინაობას, რომლებიც დაახლოებით ერთი თვის წინ დაინიშნენ თანამდებობებზე ფედერაციის გამგეობის გადაწყვეტილებით:
– 20-წლამდელთა (ახალგაზრდული) ნაკრები: დავით უსტიაშვილი.- 18-წლამდელთა (ჭაბუკთა) ნაკრები: მიხეილ კობეშავიძე.- 16-წლამდელთა (კადეტთა) ნაკრები: გელა წულაძე.
რაც შეეხება ნუგზარ კანდელაკს, მას უკვე მესამე სეზონია არანაირი კავშირი არა აქვს საქართველოს არცერთ ნაკრებ გუნდთან და შესაბამისად, არც ამჟამად მუშაობს საქართველოს რომელიმე ნაკრებში რამე თანმდებობაზე.