საქართველოს ნაკები სლოვენიასთან მატჩის წინ | ვარჯიში და კომენტარები

საქართველოს ნაკები სლოვენიასთან მატჩის წინ | ვარჯიში და კომენტარები

ხვალ დიდი დაპირისპირებაა. საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატზე მეორე მატჩს ჯგუფის მთავარ და ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტთან, სლოვენიასთან გამართავს. ეს ქვეყანა, უფრო კი მისი საკალათბურთო ნაკრები რამდენიმე წელია,  ერთ ადამიანთან – ლუკა დონჩიჩთან ასოცირდება, რომელიც ნამდვილი გენიოსია და მარტოდმარტო შეუძლია თამაშის ბედის გადაწყვეტა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელთა შტაბს თეორიულად დამუშავებული აქვთ სლოვენიის წინააღმდეგ როგორ უნდა ვითამაშოთ, რომ შედეგს მივაღწიოთ. სწორედ დონჩიჩთან და მის თანაგუნდელების წინააღმდეგ სათამაშო ტაქტიკაზე იყო დღევანდელ ვარჯიშზე მუშაობა, რომელიც გიმნაზიუმ არენაზე გაიმართა. ილიას ზუროსი ასისტენტებთან ერთად თითოეულ დეტალზე დაწვრილებით ესაუბრა კალათბურთელებს და ნათლად უჩვენეს ის, თუ რა შემთხვევაში როგორ უნდა იმოქმედონ სლოვენიასთან მატჩში.

სლოვენიამ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი მატჩი ვენესუელას მოუგო, ხოლო მუნდიალისთვის მოსამზადებელ პერიოდში  სეკულიჩის გუნდმა 8 სპარინგ-მატჩი ჩაატარა: სლოვენიამ ჯერ ჩინეთს მოუგო 75:73, შემდეგ საბერძნეთთან ზედიზედ ორჯერ დამარცხდა 91:99 და 77:88, ჩვენმა მეტოქემ მომდევნო მატჩი მონტენეგროსთან ჩაატარა და მაღალშედეგიან შეხვედრაში 104:100 მოიგო, ამას კი რთულ გუნდებთან ორი მარცხი მოჰყვა – ესპანეთთან 79:99 და აშშ-სთან 62:92, ბოლოს კი იაპონიასთან 103:68 გაიმარჯვეს.

აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ საქართველო და სლოვენია აქამდე ერთმანეთს სამჯერ დაუპირისპირდნენ და სამივეჯერ შეხვედრა მეტოქის სასარგებლოდ დასრულდა.

საქართველოსა და სლოვენიის მორიგი შეხვედრა მსოფლიოს ჩემპიონატზე, 28 აგვისტოს, ოკინავა არენაზე, თბილისის დროით 15:30 საათზე გაიმართება. ამ მატჩამდე ჩვენი ჯგუფის კიდევ ერთი დაპირისპირება შედგება, რომელშიც 12:00-ზე ერთმანეთს კაბო-ვერდე და ვენესუელა შეხვდებიან.