საქართველოს ნაკრები ბოსნიიდან დაბრუნდა

საქართველოს ნაკრები ბოსნიიდან დაბრუნდა

ბოსნიაში უმნიშვნელოვანესი გამარჯვების შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისში ჩარტერული რეისით დაბრუნდა. თბილისის აეროპორტში ჩვენს გუნდს პრესისა და ტელევიზიების წარმომადგენლები დახვდნენ. მართალია, ევროშესარჩევ ტურნირში საბოლოო წარმატებაზე ლაპარაკი ნაადრევია, თუმცა ჯგუფის ლიდერთან და პრინციპულ მეტოქესთან სტუმრად მოგებული თამაშის შემდეგ კალათბურთელთა ნაკრების მიმართ ინტერესი ერთიორად გაიზარდა.

 

ზაზა ფაჩულია:
 
„ძალიან ძლიერ გუნდს მოვუგეთ. ბოსნიელებს მაღალი დონის მოთამაშეები ჰყავთ და თან გულშემატკივრობაც არ აკლდათ. თამაში თავიდანვე  კარგად წაგვივიდა როგორც შიგნიდან, ისე გარედან. ფარქვეშ იყო თუ პერიმეტრიდან, მეტოქეს ვჯობნიდით, თუმცა ისიც ვიცოდით, რომ ბოსნია უბრძოლველად არ დაგვნებდებოდა. ასე ვთქვათ, ველოდით მეტოქის გადამწყვეტ იერიშს და ამისთვის მზადაც ვიყავით. საბოლოოდ ყველაფერი ჩვენდა სასიკეთოდ დასრულდა და რაც მიზნად გვქონდა დასახული, შევასრულეთ“.
 
თორნიკე შენგელია:
 
„მიუხედავად იმისა, რომ თავიდან დიდი ანგარიშით დავწინაურდით, რაგაც შინაგანი გრძნობა გვქონდა, რომ ყველაფერი ასე იოლად არ მორჩებოდა. მეტოქემ ღირსეულად იბრძოლა, გამარჯვების შანსიც ჰქონდა, მაგრამ ჩვენ ვიმარჯვეთ. წინ საკმაოდ რთული ბრძოლა გველის ლატვიის ნაკრებთან“.
 

 
ვიქტორ სანიკიძე:
 
„ემოციური და დაძაბული მატჩი იყო. ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს, რაც დაგვიფასდა და ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. მომდევნო მატჩი არანაკლებ ძლიერ მეტოქესთან გვაქვს. ლატვია საკმაოდ სახიფათო გუნდია და მაქსიმალური მობილიზება გვმართებს, რომ წარმატებას მივაღწიოთ“.
 
ეროვნული ნაკრების წევრებს იგორ კოკოშკოვმა დასვენების საშუალება მისცა. ნაკრები ხვალ ივარჯიშებს, ხვალვე, გამთენიისას, თბილისში ლატვიის ნაკრები ჩამოვა. რაც შეეხება მატჩს, იგი 24 აგვისტოს, 19 საათზე, სპოტის სასახლეში გაიმართება.
 

 

 
ლაშა კუპრაშვილის (www.worldsport.ge) ფოტოები