დღეს, თბილისის დროით 14:00 საათზე მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის წილისყრაა. ჩვენი კონტინენტის 32 გუნდი 8 კალათაში განაწილდება და დაიწყებს წელიწადნახევრიან მარათონს 12 საუკეთესოს გამოსავლენად. სწორედ 12 საუკეთესო ნაკრები მიიღებს ევროპის კონტინენტიდან მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს.
ეს ამბავი გუშინ გამცნეთ, ახლა კი წილისყრის ჩატარების მთავარ პრინციპზე გამცნობთ, რის შესახებაც ფიბა-მ გადაწყვეტილება ახლახან მიიღო და საკუთარ ვებ-გვერდზეც გამოაქვეყნა. პირველად, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მოკლე ისტორიაში გუნდები 8 კალათაში განითესება.
ახლა უფრო დეტალურად: 32 გუნდი NIKE-ის მსოფლიო რეიტინგის შესაბამისად განაწილდა 8 კალათაში. ყველაზე ძლიერ, პირველ კალათაში მოხვდნენ: საფრანგეთი, სერბეთი, ესპანეთი და სლოვენია, ხოლო ყველაზე სუსტ, მე-8 კალათაში – სლოვაკეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, პორტუგალია და შვედეთი. ყველა ჯგუფის შემადგენლობას ქვემოთ ნახავთ, აქ კი მთავარი პრინციპი დავაფიქსიროთ: ეს 8 კალათაც ორად განაწილდა და წილისყრაც შემდეგნაირად გაიმართება:
ჯგუფში ერთად მოხვედრის შანსი აქვთ გუნდებს შემდეგი განთესვის კალათებიდან: I, IV, V და VIII. მეორე მხარე შესაბამისად დარჩნენ გუნდები II, III, VI და VII კალათებიდან. შესაბამისად, ასეთი სურათი მივიღეთ:
I კალათა: ესპანეთი, სლოვენია, საფრანგეთი, სერბეთი.
IV კალათა: ხორვატია, მონტენეგრო, ლატვია, უკრაინა.
V კალათა: ფინეთი, საქართველო, ბელგია, უნგრეთი.
VIII კალათა: სლოვაკეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, პორტუგალია, შვედეთი.
ამ განთესვის კალათებიდან წილისყრის შედეგად განაწილებული გუნდები შეავსებენ კენტ ჯგუფებს – A, C, E, G.
უამრავი ვარიანტია, რომელთაგან ჩვენი ნაკრები შესაძლოა ასეთ ჯგუფში მოხვდეს: სლოვენია, მონტენეგრო, საქართველო, პორტუგალია… თუმცა ამ კითხვაზე პასუხს დღეს, წილისყრის დასრულების შემდეგ გავიგებთ.
მეორე მხარეს დარჩენილი განთესვის კალათები კი ასე გამოიყურება:
II კალათა: იტალია, ლიეტუვა, საბერძნეთი, გერმანია.
III კალათა: ჩეხეთი, პოლონეთი, რუსეთი, თურქეთი.
VI კალათა: დიდი ბრიტანეთი, ისრაელი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ნიდერლანდები.
VII კალათა: ესტონეთი, ბულგარეთი, ბელარუსი, ისლანდია.
შესაბამისად, ეს გუნდები შეავსებენ B, D, F და H ჯგუფებს.
ფორმატის თანახმად, ჯგუფებში თამაშები გაიმართება ორ წრედ (შინ და სტუმრად), რის შემდეგაც, თითოეულიდან 3 საუკეთესო (ჯამში 24 ნაკრები) მეორე ეტაპზე გააღწევს. მეორე ჯგუფურ ეტაპზე გუნდები რა პრინციპით დაწყვილდებიან, ეს ფიბა-ს ოფიციალურად არ გამოუქვეყნებია, თუმცა ფორმატი, დიდი ალბათობით, წინანდელი იქნება: A ჯგუფის სამეული + B ჯგუფის სამეული, C ჯგუფის სამეული + D ჯგუფის სამეული, E ჯგუფის სამეული + F ჯგუფის სამეული, G ჯგუფის სამეული + H ჯგუფის სამეული.
ახალ ჯგუფებში მანამდე ერთ ჯგუფში მყოფი გუნდები ერთმანეთში არ ითამაშებენ, მათ ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები შედეგები გადაჰყვებათ. შესაბამისად, თითოეულ გუნდს სხვა ჯგუფის 3 წარმომადგენელთან მოუწევს 2-2 მატჩის (შინ და სტუმრად) გამართვა. შესაბამისად, თითო გუნდი 6 შეხვედრას ჩაატარებს და საბოლოოდ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურებს თითო ჯგუფის 3 საუკეთესო გუნდი (ჯამში 12) მოიპოვებს.
თამაშები გაიმართება ფიბა-ს მიერ დადგენილი ფანჯრების პერიოდში. როგორც პირველ, ისე მეორე ჯგუფურ ეტაპზე გამოყოფილია 3-3 ფანჯარა.
პირველი ეტაპი
I ფანჯარა: 2021 წლის 22-30 ნოემბერი;
II ფანჯარა: 2022 წლის 21 თებერვალი – 1 მარტი;
III ფანჯარა: 2022 წლის 27 ივნისი – 5 ივლისი;
მეორე ეტაპი
IV ფანჯარა: 2022 წლის 22-30 აგვისტო;
V ფანჯარა: 2022 წლის 7-15 ნოემბერი;
VI ფანჯარა: 2023 წლის 20-28 თებერვალი.
მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის წილისყრის ცერემონიალი შვეიცარიის დაბა მიესში მდებარე “კალათბურთის სახლში”, ფიბა-ს ოფისში გაიმართება, რომელიც 2018 წელს დაღუპული ფიბა-ს გენერალური მდივნის, პატრიკ ბაუმანის სახელობისაა. წილისყრა თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება და პირდაპირი ეთერით ფიბა-ს Youtube-არხზე, ბოლოში წარმოდგენილ ბმულზე გადაიცემა:
მსოფლიოს მომავალი ჩემპიონატი 2023 წლის 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით სამ ქვეყანაში – იაპონიაში, ინდონეზიასა და ფილიპინებში ჩატარდება.