საქართველოს ნაკრები ტრენტოში იტალიასთან 11 ქულით დამარცხდა

საქართველოს ნაკრები ტრენტოში იტალიასთან 11 ქულით დამარცხდა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის მოსამზადებელ ციკლში პირველი სპარინგ-მატჩი გამართა. ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილი ჩვენი გუნდი ტრენოში, მასპინძელ იტალიასთან 68:79 დამარცხდა და ტრენტოს მცირე თასი ერგო.

ეს გახლდათ ტრადიციული ტრენტოს თასის გათამაშება, რომელშიც ტრადიციულად 4 გუნდი მონაწილეობს ხოლმე, თუმცა ამჯერად ტრენტოში მხოლოდ საქართველოს ნაკრები ჩავიდა, რომელმაც 10-დღიანი შეკრება იტალიაშივე, ქალაქ ტრევიზოში გაიარა და ახალ სერბ მწვრთნელს იმ სამუშაოს შედეგის დანახვა შეეძლო, რაც მოსამზადებელ პერიოდში გასწია.

ყველამ იცის და ჯიკიჩმა მატჩამდე მაინც გაუმეორა ბიჭებს, რომ ეს არ იყო მატჩი, რომლის შედეგიც გადამწყვეტი, ან გარკვეულწილად მნიშვნელოვანია. ეს არის შეხვედრა, რომელშიც მწვრთნელებმა უნდა დაინახონ კალათბურთელთა შეცდომები, კომბინაციების ხარვეზები, ვინ კარგად ასრულებს კონკრებულ დავალებას და ვის – უჭირს. ეს ყველაფერი მთავარმა მწვრთნელმა და მისმა ასისტენტებმა თვალნათლივ დაინახეს, რასაც გაითვალისწინებენ და მომავალ ამხანაგურ მატჩებში დიდი ალბათობით, გამოასწორებენ.

მატჩში მონაწილეობა არ მიუღია სანდრო მამუკელაშვილს, რომელიც მწყობრში ბოლომდე არ იყო და მწვრთნელმა მას დასვენების საშუალება მისცა. ჩვენმა ნაკრებმა თამაში შედეგიანად დაიწყო. გოგა ბოთაძისა და თორნიკე შენგელიას დომინაციით ჩვენი ნაკრები 8:0 დაწინაურდა და ლიდერობას კარგა ხანს, მეორე პერიოდის შუამდე ინარჩუნებდა.

მწვრთნელმა გამოსცადა ყველა კალათბურთელი, ვინც განაცხადში იყო. ზოგს მეტი სათამაშო დრო მისცა, ზოგს – შედარებით ნაკლები. 12-ივე კალათბურთელი, რომელიც მოედანზე გავიდა, გულიანად და სრული შემართებით გაისარჯა, თუმცა ცხადია, ყველას ისე არ წაუვიდა თამაში, როგორც თავად და მწვრთნელი ისურვებდა. იყო ხშირი შეცდომები – საქართველოს ნაკრების მოთამაშეებმა მთლიანობაში 21 ბურთი დაკარგეს, იტალიელებმა კი – 9.

ბურთის კონტროლში მოვიკოჭლეთ, სამაგიეროდ, საქართველომ მეტოქეს სამქულიან სროლებში აჯობა. ჯიკიჩის ვარჯიშებმა შედეგი გამოიღო და თამაშში იტალიელთა 7 სამიანის წილ ქართველებმა 11 ჩააგდეს. პირველი პერიოდის შემდეგ 23:17 ვიგებდით, თუმცა მეორე ათწუთეულში მასპინძლებმა გარდატეხა მოახდინეს და დაწინაურდნენ. ჩამორჩენის მიუხედავად, მწვრთნელმა მოედანზე სათადარიგოებს უხმო, რომლებიც აქტიურად, თუმცა ხარვეზებით ჩაერთვნენ თამაშში.

შეხვედრის საუკეთესო შედეგი თორნიკე შენგელიამ დააფიქსირა, რომელმაც 28:36 წუთში 17 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასი მიითვალა.  გოგა ბითაძე გაცილებით მეტს მოაგროვებდა, 5 პერსონალურისთვის მოედანი რომ არ დაეტოვებინა. არასრულ 23 წუთში მან 12 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა. 9 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა გიორგი კორსანტიამ, 9 ქულა იყო ჯო ტომასონის ანგარიშზეც. 

აღსანიშნავია, დუდა სანაძის დაბრუნება ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ. ბოლოს მან გასულ მსოფლიოს ჩემპიონატზე, გერმანიასთან მატჩში ითამაშა. სანაძემ 2 სამქულიანი ჩააგდო, მთლიანობაში კი არასრულ 17 წუთში 8 ქულა მოაგროვა.

საქართველოს ნაკრები იტალიას 24 ივნისს, 14:00 საათზე დატოვებს. ჩვენი გუნდი ლატვიაში გაემგზავრება, სადაც ქალაქ იურმალაში დაბანაკდება და კიდევ 2 სპარინგ მატჩს გამართავს 26 ივნისს კამერუნთან და 28-ში – ეგვიპტესთან.