საქართველოს ნაკრების ამერიკელები ესპანეთში ერთად არიან

საქართველოს ნაკრების ამერიკელები ესპანეთში ერთად არიან

ესპანეთის ჩემპიონატი ოთხშაბათს დაიწყო და წუხელ ღამით ჩამთავრდა. საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელების – ტორინ გრინისა და ტაირონ ელისის დუელი პირველ დღეს შედგა, წუხელ კი მოედანზე ნიკოლოზ ცქიტიშვილსა და ქუინტონ ჰოსლის მოუწიათ გასვლა.
 
ცქიტიშვილის „ლაგუნ არო“ პრიმერადივიზიონის ერთ–ერთ ლიდერ მადრიდის „რეალს“ მასპინძოლდა და გამარჯვების მოპოვება ვერ შესძლო – 78:88 დამარცხდა. ქართველმა ფორვარდმა შეხვედრაში უმნიშვნელო დროით მიიღო მონაწილეობა: 3 წუთში ნიკამ 2 ორქულიანის სროლა მოასწრო, თუმცა არაზუსტად.
 
ამ წაგებით „ლაგუნ არო“ ცხრილში მე–14 ადგილამდე ჩამოქვეითდა. მომდევნო ტურში ცქიტიშვილის გუნდი „ვალიადოლიდს“ ესტუმრება.
 

ნიკა ცქიტიშვილი (უკანა პლანზე)
 
სწორედ „ვალიადოლიდს“ მოუგო (84:74) ამ ტურში საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ნატურალიზებული ამერიკელის – ქუინტონ ჰოსლის „ხუვენტუდმა“. ქართულპასპორტიანმა ფორვარდმა თავისიანთაგან ყველაზე მეტ ხანს – 31 წუთს ითამაშა და საკმაოდ შედეგიანი იყო: 8 ქულა, 6 მოხსნა და 6 პასი. ჰოსლი მატჩის საუკეთესო მეპასე გახდა ვალიადოლელ მაქსი სტანიჩთან ერთად.
 
უნდა ითქვას, რომ ქუინტონმა ცუდად ესროლა. 6 ორქულიანიდან მხოლოდ ერთი ჩააგდო, ხოლო ხუთივე სამიანი ააცილა. იგი შეუმცდარი იყო საჯარიმოს ხაზიდან და 6–დან ექვსივე სროლა გამოიყენა.
 
„ხუვენტუდს“ 12 მოგება და ამდენივე წაგება აქვს და ეს გუნდი შეუერთდა ანალოგიური შედეგის მქონე გრინის „გრან კანარიასა“ და ელისის „ესტუდიანტესს“. საინტერესო დამთხვევაა – საქართველოს ნაკრების სამივე ნატურალიზებული წევრის გუნდს მოგებ–წაგებათა ერთნაირი თანაფარდობა აქვთ და ცხრილში 10–12 ადგილებსაც ძმურად იყოფენ. „ხუვენტუდი“ მომდევნო ტურში „ვალენსიას“ სტუმრობს.