საქართველოს ნაკრების ღირსეული მატჩი და ბერძნების გამარჯვება ბოლო წამზე

საქართველოს ნაკრების ღირსეული მატჩი და ბერძნების გამარჯვება ბოლო წამზე

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი დღეს, საბერძნეთთან ჩაატარა, რომელშიც ერთ-ერთი ყველაზე დასანანი მარცხი იწვნია. დიახ, ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა შესანიშნავად ითამაშა, სპორტის სასახლეში მოსულ 10000-მდე გულშემატკივარს ნამდვილი ბრძოლა, შემართება და შეუპოვრობა უჩვენა, თუმცა ქართველებს იღბალმა ზურგი აქცია და საფილალო სირენის თანხლებით მიღებული ორქულიანით მინიმალური სხვაობით – 85:86 დამარცხდა.

სწორედ ამ გამარჯვებით საბერძნეთი გახდა ნაკრები, რომელმაც მსოფლიოს 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპიდან პირველმა მოიპოვა ფინალური ეტაპის საგზური. საბერძნეთი 7-დან 7 მოგებით ესტუმრა საქართველოს და მატჩის ბოლო წამზე კოსტას პაპანიკოლაუს სწრაფი გარღვევა რომ არ ჩაეგდო, მიმდინარე საკვალიფიკაციოში პირველად წააგებდა. ეს ბურთიც ვიდეოგამეორების შემდეგ ჩაითვალა. პაპანიკოლაუს გარღვევა და საფინალო სირენა ერთდროულად იყო, თუმცა მსაჯებმა ჩანაწერი გადაახვიეს და დაადგინეს, რომ “ოლიმპიაკოსის” ფორვარდმა ბურთის ჩაგდება მოასწრო – 86:85 საბერძნეთის სასარგებლოდ.

საქართველოს ეროვნულ გუნდს მცირედი დააკლდა, ერთგული ქომაგისთვის ის სასწაული ეჩუქებინა, რასაც ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრების დამარცხება ჰქვია. თუმცა თუნდაც დღევანდელმა მატჩმა გამოაჩინა, რომ ჩვენს ეროვნულ გუნდს გააჩნია იმის პოტენციალი, რომ ამ დონის გამარჯვება მოიპოვოს და გულშემატკივრები გაახაროს. გულშემატკივარი დღეს საქართველოს ნაკრებს დიდად დაეხმარა, რისთვისაც ეროვნული გუნდის თითოეული წევრი და ნაკრების ხელმძღვანელობა ძალიან მადლიერია. 

მატჩის შემდგომ, პრეს-კონფერენციაზე ილიას ზუროსმა თქვა: “დიდი მადლობა ჩვენს ბიჭებს. საქართველოს ნაკრების თითოეულმა წევრმა სამაგალითოდ, ბოლომდე იბრძოლა და მეტოქეზე მეტად იმსახურებდა გამარჯვებას, მაგრამ იღბალმა ზურგი გვაქცია.  ამ მატჩში ყველაფერი კარგი იყო ჩვენთვის გარდა შედეგისა. ჩვენ ვუმასპინძლეთ ევროპის და შეიძლება ითქვას, მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებს, რომელსაც ტოლი არ დავუდეთ და მცერი გამართლება რომ გვქონოდა, გავიმარჯვებდით. განსაკუთრებული მადლობა გულშემატკივრებს, რომლებმაც სპორტის სასახლე  ბოლომდე შეავსეს და მათ მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობთ”.

გულშემატკივარი მართლაც განუყოფელი იყო დღევანდელი მატჩის. სპორტის სასახლეში შეკრებილმა ქომაგებმა ეროვნულ ნაკრებს მხურვალედ უქომაგეს. ტრიბუნები სავსე იყო გულანთებული ქომაგებით, რომელთა აქტიურობისა და მატჩის მსვლელობისას განცდილი სიხარულის ხილვა ნამდვილად საამური იყო. ამ ლამაზ თამაშს და დღეს ძალიან მოუხდებოდა გამარჯვება, რომელიც საქართველოს ნაკრებს თითქმის მოპოვებული ჰქონდა, როცა შეხვედრის დასრულებამდე 1:28 წამით ადრე 6 ქულით – 85:79 იგებდა. ამ თითქოს გამოუვალ სიტუაციაში ბერძნებმა სწრაფი ორქულიანი ჩააგდეს და მჭიდრო პრესინგს მიმართეს, რის შედეგადაც ბურთი ჩაჭრეს და კოსტას პაპანიკოლაუმ სამქულიანით ჩამორჩენა მიმინუმამდე შეამცირა.

ამასობაში ბოლო წუთიც დაიწყო და ისევ ბერძენთა პრესინგი, რამაც ჩვენებს შეცდომა დააშვებინა და ბურთი კვლავ სტუმრებმა მოიხელეს. ქართველთა მჭიდრო დაცვამ გაამართლა და პაპანიკოლაუმ საშუალო მანძილიდან ააცილა. ბურთი საქართველომ მოხსნა, როცა მატჩის დასრულებამდე 29 წამი იყო დარჩენილი. ქართველებმა ბურთი ბოლომდე გაათამაშეს, ბერძნები კი, რომლებსაც 4 გუნდური ჯარიმა ჰქონდათ, დაცვაში დარჩნენ და თავის შანსს დაელოდნენ. შეტევისთვის განკუთვნილი დროის ბოლო წამზე შენგელიამ შორიდან შეუტია. ბურთი არ ჩავარდა და ფარიდან ისე აისხლიტა, რომ მაინცდამაინც პაპანიკოლაუს ჩაუვარდა ხელთ და თან ბერძნებს სწრაფი შეტევისთვის ხელსაყრელი სიტუაცია შეექმნათ. დარულებამდე 5 წამზე ნაკლები რჩებოდა, თუმცა პაპანიკოლაუმ ბურთი ბერძენთა გრძნეულ გამთამაშებელ ნიკ კალატესს მიაწოდა და თავად შეტევაში გაიქცა. კალატესი საქართველოს ნახევარზე გადავიდა და ბურთი ჩვენს საჯარიმოში შეჭრილ პაპანიკოლაუს დაუბრუნა. ამ უკანასკნელმა საფინალო სირენის თანხლებით სწრაფი შეტევა ფარქვეშიდან დააგვირგვინა და … მსაჯებმა ბურთი მყისიერად არ ჩათვალეს, რადგან გასარკვევი იყო, მოასწრო თუ არა ბერძენმა ბურთის საფინალო სირენამდე ჩაგდება.

მსაჯების ვერდიქტი დარბაზში შეკრებილი 10000-ამდე გულშემატკივრისთვის სამწუხარო აღმოჩნდა. საქართველოს ნაკრებმა ძალიან დასანანი მატჩი წააგო და სპორტის სასახლეში შექმნილი საკალათბურთო ზეიმი სათანადოდ ვერ დაგვირგვინდა.

“მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს კალათბურთის ფედერაციას გულთბილი მასპინძლობისთვის და ქომაგებს, რომლებმაც დარბაზში სასიამოვნო ატმოსფერო შექმნეს – განაცხადა მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ბერძენთა მწვრთნელმა ათანასის სკურტოპულოსმა – ძალიან ლამაზი მატჩი გამოვიდა. საქართველოს ნაკრებმა დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია და გამარჯვებასთან ახლოს მივიდა, თუმც ბოლო წუთზე იღბალი ჩვენს მხარეს იყო და მიხარია, რომ ამ მოგებით მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური ოფიციალურად გავინაღდეთ”.

საბერძნეთის გამარჯვების მთავარი შემოქმედი ნიკ კალატესი გახლდათ. ნბა-ში გამობრძმედილმა და ამჟამად “პანათინაიკოსის” ლიდერმა 7 პასი, 7 სამქულიანი და მთლიანობაში 34 ქულა მიითვალა. მისმა სამქულიანებმა და გონივრულად გათამაშებულმა კომბინაციებმა ბერძნები ისეთი სიტუაციიდან გამოაძვრინა, რასაც მეორე პერიოდში 17 ქულით ჩამორჩენა ჰქვია. ქართველები სწორედ ასეთი სხვაობით უგებდნენ ევროპისა და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს და მაშინაც არ გატყდნენ, როცა ბოლო პერიოდში ლიდერობა დაკარგეს და საფინალო სირენამდე 6:30 წუთით ადრე 5 ქულით – 71:76 ჩამორჩნენ. 

ჩვენს ნაკრებში მორიგი მაღალი დონის მატჩი ჩაატარა გოგა ბითაძემ, რომელმაც სამწამიან ზონაში მეტოქეები დაჩაგრა და 17 ქულა მოაგროვა. ამდენივე ქულა დაგროვდა მეტ ჯენინგის ანგარიშზე, რომელმაც 4 სამქულიანი ჩააგდო. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ ორმაგი დუბლი – 22 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა. 10-ქულიანი ბარიერი დაძლია გიორგი შერმადინმაც, რომელმაც თავი 11 ქულას მოუყარა.

საქართველოს ნაკრებმა მართლაც დიდებულად ითამაშა და მატჩის ბოლო წამებზე არ გაუმართლა. ილიას ზუროსმა კალათბურთელებთან ერთად გულშემატკივრებსაც დიდი მადლობა გადაუხადა:

“მადლობა გულშემატკივრებს, რომლებმაც ძალიან მაგრად გვიქომაგეს. ისინი ყოველთვის ჩვენს გვერდით არიან ხოლმე, მაგრამ დღეს განსაკუთრებით საუკეთესოები იყვნენ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ვეთამაშეთ ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ევროპასა და მსოფლიოში. ეს იყო დიდი გამოცდილება. შესანიშნავად ვითამაშეთ, მაგრამ წავაგეთ! მინდა კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა კალათბურთელებს: გოგა ბითაძეს, თორნიკე შენგელიას, გიორგი ცინცაძეს, ყველას – მათ დიდი სამუშაო შეასრულეს. მადლობა გუნდის სამწვრთნელი შტაბს: ჩვენ ვართ საქართველოს ნაკრები, წინ კი სხვა მატჩები გველოდება.”

ჩვენი ჯგუფის სხვა მატჩებში ლიდერებმა მოიგეს, თუმცა გერმანიას საკუთარ მოედანზე მცირე სასწაული და დამატებითი დრო დასჭირდა ისრაელის დასამარცხებლად. საფინალო სირენამდე 0:3 წამით ადრე გერმანია 90:92 აგებდა, თუმცა პირით ხაზიდან დენის შროდერის შემოტანილ ბურთს მაქსიმილიან კლებერმა ჰაერში ხელი მიჰკრა და ანგარიში გაათანაბრა. დამატებით დროში გერმანელებმა ებრაელებს შანსი აღარ დაუტოვეს – 112:98. სერბეთმა ესტონეთს ბელგრადში 91:65 მოუგო.

საქართველო – საბერძნეთი
სტატისტიკა: 85:86