საქართველოს ნაკრების მწვრთნელთა სლოვაკეთთან მატჩისშემდგომი კომენტარები

 

იგორ კოკოშკოვი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი
– უპირველეს ყოვლისა, მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ბიჭებს, რომლებმაც უდიდესი ბრძოლისუნარიანობა და რაც მთავარია, მახვილგონივრულობა გამოიჩინეს. არც ერთ მოედანზე მყოფს არ აკლდა ბრძოლის ჟინი, ყველა ძალიან გააზრებულად თამაშობდა და მიხარია, რომ ასეთ უხერხულ მეტოქესთან საჭირო გამარჯვება მოვიპოვეთ…
– მართალია, დიდი სხვაობით მოვიგეთ, მაგრამ ეს არ ყოფილა იოლი გასეირნება. ყველა მოთამაშე ბოლომდე დაიხარჯა და საქმეც ამიტომ წაგვივიდა კარგად. ეს კი უპირველეს ყოვლისა იმ დიდი შრომისა და ოფლის ღვრის შედეგია, რომელიც საქართველოს ნაკრებმა ბოლო ხანებში გასწია. შეკრებაზე გუნდი მოემზადა როგორც ფიზიკურად და ტაქტიკურად, ასევე მენტალურად. ფსიქოლოგიური განწყობა და შეგრძნება იმისა, რომ გამარჯვება მხოლოდ შენს ხელთაა, ერთ–ერთი უმთავრესი იარაღია წარმატების მისაღწევად…
– ჩვენ სლოვაკეთში კარგად მომზადებულები ჩამოვედით და გამარჯვების გარდა არაფერს ვგეგმავდით. მატჩის მომენტებზე შეჩერება და ჩვენი გუნდის წევრების გამორჩევა არ მინდა. ყველამ კარგად ითამაშა, ძირითადმა ხუთეულმაც და შეცვლაზე შესულებმაც. დაცვა იყო მთავარი ფაქტორი ჩვენი გამარჯვებისა, რამაც ხელფეხი გაგვიხსნა შეტევაში და მასპინძლებს საკმაოდ ბლომად ქულაც ჩავუგდეთ…
– სლოვაკეთმა შვედეთს კინაღამ მოუგო 4 დღის წინ, მაგრამ ჩვენთან შანსი არ ჰქონია. როცა მომზადებული ხარ, გამარჯვება იოლია. ხელმძღვანელობამ კარგი პირობები შეგვიქმნა ყველა გაგებით. წმინდა სპორტულ მომზადებას რომ თავი დავანებოთ, ჩვენ საკმაო ვიდეომასალა გვქონდა მომარაგებული. მომავალ მეტოქე შვედეთის თამაშების ჩანაწერებიც გვაქვს და ამ დღეებში ყველაფერს დაწვრილებით გავაანალიზებთ. მე ვერ გპირდებით, რომ შვედეთშიც უპირობოდ გავიმარჯვებთ, მაგრამ მე გპირდებით, რომ მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები კარგად მომზადებული შეხვდება და ყოველი მისი წევრი მოედანზე ბოლომდე დაიხარჯება. ეს ბიჭები არ თამაშობენ ფულის გამო. ეს ეროვნული ნაკრებია და სამშობლოს ღირსების დაცვა ყველაზე დიდი მოტივაციაა მათთვის. მე ამას ყოველი მატჩის შემდეგ უფრო და უფრო ცხადად ვხედავ და ვგრძნობ…

დავით უსტიაშვილი, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი:
– ძალიან მაგრად ვითამაშეთ. ყველამ, ჩვენი გუნდის აბსოლუტურად ყველა წევრმა გამარჯვებისთვის არაფერი დაიშურა. სათადარიგოები მშვენივრად ჩაერთვნენ თამაშში და უკვე 20 წუთის შემდეგ შეხვედრას აზრი თითქმის დაეკარგა.
– მეტოქეს ვაჯობეთ ყველა კომპონენტში, ყველა სათამაშო რგოლში. რომელი ერთი გამოვარჩიო, თუმცა მაინც დაცვაზე გავამახვილებ ყურადღებას. ასეთი მწყობრი და გამართული დაცვა ამ ნაკრებს არ უთამაშია.
– აუცილებლად გამოსარჩევია გუნდური თამაში. 22 პასი გავაკეთეთ, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია ევროპულ კალათბურთში. ეს კი უპირველესად გუნდის შეთამაშებულობაზე მიუთითებს. ჩაგდებულ სროლათა მაჩვენებელიც ძალიან მაღალი გვქონდა, რაც შეტევების კარგად ორგანიზების შედეგია.
– ახლა ერთი მატჩი გვაქვს დარჩენილი და მთლიანად ამ დაპირისპირებაზე ვართ გადართულები. შვედეთში 14 სექტემბერს მივემგზავრებით და მასპინძლებთან დაპირისპირებისთვის მოსამზადებლად 3 დღე გვექნება.