საქართველოს ნაკრების წევრები ევროლიგას ეთხოვებიან

საქართველოს ნაკრების წევრები ევროლიგას ეთხოვებიან

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებისთვის ევროპიგაც დასრულდა. გიორგი შერმადინისა და ვლადიმერ ბოისას „ოლიმპიამ“ თავიდან აღებული სიჩქარე ვერ შეინარჩუნა და ევროლიგის მეორე ჯგუფური ეტაპიდან ვერ გავიდა. ლიუბლიანელები პირველი ჯგუფური ეტაპიდან რიხით გავიდნენ, ტოპ–16–იც გამარჯვებით დაიწყეს, თუმცა შემდეგ ყველა მატჩი წააგეს და …
 
ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ბოლო ტურში „ოლიმპია“ სტუმრად „ბარსელონას“ ხვდებოდა. პირველ წრეში, ლიუბლიანაში, ოლიმპიელები სამაგალითოდ ებრძოლნენ კატალონიურ გრანდს და მოგებასთანაც ახლოს იყვნენ, თუმცა საბოლოოდ 1 ქულით დამარცხდნენ. წუხანდელ მატჩში კი „ბარსელონა“ მოწოდების სიმაღლეზე იყო და „ოლიმპია“ 76:58 დაამარცხა.
 

 
გიორგი შერმადინი „ოლიმპიას“ ხუთეულში იყო, თუმცა მოედანზე მხოლოდ 16 წუთი გაატარა. შერმადინმა 4–დან 3 საშუალო მანძილის სროლა ჩააგდო და საბოლოოდ 6 ქულა მოაგროვა, რასაც 4 მოხსნა და 1 დაფარება მოაყოლა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა. რაც შეეხება ბოისას, მან მოედანზე 7,23 წუთი გაატარა და მატჩი უქულოდ, 1 მოხსნის ამარა დატოვა.
 
ამით, „ოლიმპია“ და მათ შორის ჩვენი ნაკრების წევრებიც გამოეთხოვნენ ევროლიგას და ამიერიდან ადრიატიკის ლიგაზე, მოგვიანებით კი სლოვენიის ჩემპიონატზე გადაერთვებიან. ცნობისთვის, აი, ამ 8 გუნდმა მოახერხა ევროლიგის პლეი ოფში გასვლა: „კახა ლაბორალი“ (ესპანეთი), „პანათინაიკოსი“ (საბერძნეთი), „ბარსელონა“, „მაკაბი“ (ისრაელი), „რეალი“ (ესპანეთი), „სიენა“ (იტალია), „ოლიმპიაკოსი“ (საბერძნეთი) და „ვალენსია“ (ესპანეთი).