საქართველოს ნაკრების წევრებს თბილისის აეროპორტში მხურვალე დახვედრა მოუწყვეს

საქართველოს ნაკრების წევრებს თბილისის აეროპორტში მხურვალე დახვედრა მოუწყვეს

საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისშია. დღეს, საღამოს 18 საათზე ვილნიუსიდან ჩამოფრენილმა ჩარტერულმა რეისმა ჩვენს ნაკრებთან ერთად გულშემატკივრებიც ჩამოიყვანა. ევროპის საუკეთესო 12 გუნდში მოხვედრილ ჩვენს ნაკრებს თბილისის აეროპორტში უამრავი ქომაგი დახვდა.
 
ქართველ კალათბურთელებს ქომაგებმა საპატიო დერეფანი მოუწყვეს და აეროპორტის შენობიდან ტაშით გამოაცილეს. გარეთ კი ნაკრების წევრებს კამერების ზღვა დახვდა, ჟურნალისტებმა მოთამაშეებს ინტერვიუები ჩამოართვეს.
 
ნაკრებს არ ჩამოჰყოლია ამერიკელი მარკიზ ჰაინსი, ვლადიმერ ბოისა და უცხოელ მწვრთნელთა დუეტი – იგორ კოკოშკოვი და ჯეისონ სტოდტი. მეორე სამშობლოში გაეშურა ვლადიმერ ბოისა, რომელმაც სლოვენიას მიაშურა.
 
საქართველოს ნაკრების შეკრება დასრულებულია. ყველა მისი წევრი თავისუფალია. სანაკრებო ციებ–ცხელება მომავალი ევროჩემპიონატის შესარჩევი ციკლიდან, მომავალი აგვისტოდან დაიწყება, თუმცა მანამდე, სავარაუდოდ, იანვრის თვეში, ფიბა–ევროპა გამართავს კენჭისყრას და კონტინენტის 30 გუნდს შესარჩევ ჯგუფებში გადაანაწილებს.