საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირი, რომლის ფარგლებშიც 6 მატჩი უნდა ჩაატაროს, წაგებით დაიწყო. ჩვენს ნაკრებში მარცხიანი დებიუტი ჰქონდა სერბ მწვრთნელს, ალეკსანდარ ჯიკიჩს, რომელმაც საქართველოს ნაკრები გასულ იანვარს ჩაიბარა. დანიის ნაკრებმა საქართველოს ნაკრებს ფარზე თამაშში აჯობა და ძირითადად ამის ხარჯზე გაიმარჯვა – 75:69 (სტატისტიკა).
არადა, ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილმა ჩვენმა ნაკრებმა თამაში ჩინებულად დაიწყო და პირველ პერიოდში მასპინძლებს 23:12 აჯობა. მეორე პერიოდში ჩვენი გუნდი 13 ქულითაც დაწინაურდა, რაც ერთის მხრივ დანიელთა შეცდომების, მეორეს მხრივ ჩვენი გუნდის მედგარი დაცვის დამსახურება იყო. სასტარტო ხუთეულში დაიწყო თამაში 19 წლის გიორგი ოჩხიკიძემ, რომელსაც ნაკრებში დებიუტი ჰქონდა. მალევე გამოჩდნენ მოედანზე ჩვენი გუნდის კიდევ 2 ახალწვეული – ნიკოლოზ გაფრინდაშვილი და დავით კაკუშაძე, რომლებიც ისეთივე მარჯვედ ჩაებნენ თამაშში, როგორც სასტარტო ოჩხიკიძე.
ჩვენს ნაკრებში დებიუტი ჰქონდა კიდევ ერთ მოთამაშეს, ამერიკელ ჯომტომასონს, რომელიც მწვრთნელმა 2 ნომრად გააწესა. ტომასონმა რამდენიმე საჭირო ბურთი ჩააგდო პირველ ნახევარში და ჩვენი გუნდის დაწინაურებაში ლიდერ თორნიკე შენგელიასთან ერთად დიდი წვლილი შეიტანა. პირველი ნახევრის ბოლოს მასპინძლებმა ჩამორჩენა ოდნავ შეამცირეს, თუმცა სირენასთან ერთად ჩაგდებული ტომასონის ორქულიანით საქართველო დიდ შესვენებაზე 9-ქულიანი ლიდერობით გავიდა.
მესამე პერიოდიდან ვითარება კარდინალურად შეიცვალა. დანიელებმა დაცვა გაამაგრეს, ფარქვეშ კი ჩვენს მოთამაშეებს აშკარად სჯობნიდნენ. მასპინძელთა დაცვამ ჩვენი ნაკრების წევრებს ბურთის დაკარგვები გაუხშირა, ხოლო ჩვენს ფარზე მოხსნილი ბურთები დანიელებს განმეორებითი შეტევის შესაძლებლობას აძლევდა. მეტოქის ფარზე ბურთის მოხსნაში დანიელებს დიდი უპირატესობა ჰქონდათ – 15 3-ის წინააღმდეგ. ეს იმას ნიშნავს, რომ დანიელებს მხოლოდ ამ კომპონენტის წყალობით 12-ით მეტი შეტევის შესაძლებლობა ჰქონდათ.
ეს უპირატესობა დანიელებმა კარგად გამოიყვანეს და გამარჯვებადე ისე მივიდნენ, მოედანზე ვითარება დიდად არ დაძაბულა.
ჩვენს გუნდში გამორჩეული შედეგი კაპიტან თორნიკე შენგელიას ჰქონდა, რომელმაც 27 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა. გიორგი ოჩხიკიძემ თავი 11 ქულას მოუყარა, თუმცა მისი მონაგარი უფრო ღირებული იყო დაცვით კომპონენტში, როცა პირველ ნახევარში დანიელთა ლიდერ იფე ლუნდბერგს, რომ იტყვიან, ხელი არ გაანძრევინა. ჩვენი ნაკრების ლეგიონერმა წევრმა, ჯო ტომასონმა 16 ქულა, 4 მოხსნა და 4 პასი მიითვალა.
ჩვენი ჯგუფის მეორე მატჩში სერბეთმა საკუთარ მოედანზე 77:61 დაამარცხა ფინეთი და ჯგუფში გალიდერდა. მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები სერბეთთან, 26 თებერვალს, თბილისი არენაზე გამართავს.