საქართველოს ნაკრებმა ჰოლანდიას 77:72 მოუგო

საქართველოს ნაკრებმა ჰოლანდიას 77:72 მოუგო

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა წარმატებით დაიწყო ჰოლანდიის ქალაქ ალმერის ოთხთა ტურნირი. იგორ კოკოშკოვის გაწვრთნილმა ჩვენმა ნაკრებმა ტურნირის პირველივე მატჩში მეტად უხერხული მეტოქე – ჰოლანდია დაამარცხა. მართალია, ბენილუქსელები B დივიზიონში არიან, თუმცა ეს გუნდი სულაც არ გახლავთ ხელწამოსაკრავი და 2 წლის წინ 2 ამხანაგური მატჩიც მოგვიგო. თანაც, ჰოლანდიელები შინაურ არენაზე თამაშობდნენ და თუ რამდენს ნიშნავს საკუთარ კედლებში თამაში, ეს ცოტა ხნის წინ ესტონეთშიც გამოჩნდა, როცა მასპინძლებმა მსაჯების დახმარებით მოგებული მატჩი შემოგვიტრიალეს.
 

 
საქართველომ ამჯერად მძლავრად ითამაშა. აკი აღნიშნა კიდეც მატჩის შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა, ამ მოსამზადებელ ციკლში საუკეთესო მატჩი ვითამაშეთო. ქართველებმა პირველი მეოთხედი 19:11 მოიგეს, ხოლო დიდი შესვენებისთვის უპირატესობა ქულით შეუმცირდათ – 37:30. შესვენების შემდეგ კოკოშკოვის გაწვრთნილმა კალათბურთელებმა ყველაფერში დაჯაბნეს მეტოქე, ვიქტორ სანიკიძე და ზაზა ფაჩულია საჯარიმოს ზონაში მარჯვობდა, ხოლო მანუჩარ მარკოიშვილი და ნიკოლოს ცქიტიშვილი შორი სროლებით აწუხებდნენ ჰოლანდიელებს. შედეგად, ბოლო მეოთხედის წინ საქართველოს ყველაზე დიდი უპირატესობა დაფიქსირდა – 61: 47.
 
ბოლო მეოთხედში მასპინძლები გამოფხიზლდნენ და მიჯრით ჩაგდებული 3 სამქულიანის შემდეგ ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირეს. ბოლო წუთებმა დაძაბულად ჩაიარა, თუმცა საქართველოს ნაკრების კალათბურთელებმა გადამწყვეტ წუთებში სიმტკიცე გამოიჩინეს და საბოლოოდ ისე გაიმარჯვეს, მეტოქისთვის წარმატების შანსი არც მიუციათ.
 
შეხვედრის გამაცხადში 12 კალათბურთელი იყო, საიდანაც სამს – შარაბიძეს, ფარღალავას და ფაცაციას  არ უთამაშიათ. ანატოლი ბოისა და გიორგი ცინცაძე ჯანმრთელად არიან, უბრალოდ, მთავარმა მწვრთნელმა მათი ამ მატჩში დასვენება გადაწყვიტა.
 
13 აგვისტოს საქართველოს ნაკრები ისრაელს შეხვდება, რომელიც პირველ მატჩში ამერიკის სტუდენტური ლიგის გუნდ „ვილანოვასთან“ 90:92 დამარცხდა .

 

 
ალმერის საერთაშორისო ტურნირი „Euro Jam Countdown 2011”. 12 აგვისტო
ჰოლანდია 72:77 საქართველო
11:19 19:18 17:24 25:16
 
საქართველო: გამყრელიძე (29წთ, 2ქ), ვ. ბოისა (19წთ, 4ქ), ფაჩულია (30 წთ, 12 ქ, 6მ), შერმადინი (11წთ, 2ქ), მარკოიშვილი (26წთ, 19ქ), სანიკიძე (25წთ, 11ქ, 12მ), ცქიტიშვილი (16წთ, 13ქ), შენგელია (19წთ, 9ქ, 5მ), ჰეინსი (25წთ, 5ქ)
არ უთამაშიათ: შარაბიძე, ფაცაცია, ფარღალავა
განაცხადში არ ყოფილან: ა. ბოისა, ცინცაძე
 
ჰოლანდია: სმულდერსი (15), გაძურიჩი (11), ვოომი (11), იანსენი (8), ვან კამპენი (8), სლაგტერი (5), ვან დერ ჰორსტი (5), გრეიგი (3), ვესელსი (2), როი (2), ტიუკენსი (2)
 
 
 
იგორ კოკოშკოვი, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
„მოხარული ვარ იმით, რომ საქართველოს ნაკრებმა ამ მოსამზადებელ ეტაპზე საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ჰოლანდიელებთან მატჩში იყო რიგი ხარვეზები, რაც ევროპის ჩემპიონატამდე აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ. მთავარია, რომ სწორი გზით მივდივართ და ყოველი თამაშის მერე ვუმატებთ. ეს ტურნირი შეთამაშებისა და ხარვეზების გამოსასწორებლად საუკეთესო საშუალებაა. წინ არაერთი მატჩი გველის და უნდა ვეცადოთ, რომ თითოეული შეხვედრა მაქსიმალურად გამოვიყენოთ.