საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ნაკრებმა ისრაელი ოვერტაიმში, ბოლო წამებზე – 71:69 დაამარცხა

საქართველოს ნაკრებმა ისრაელი ოვერტაიმში, ბოლო წამებზე – 71:69 დაამარცხა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა. ეს სიტყვები ილიაზ ზუროსის გაწვრთნილი გუნდის წარმტებას კი გამოხატავს, თუმცა იმ ემოციას, იმ სიხარულს და ფანტასტიკურ ატმოსფეროს ვერანაირად ვერ გადმოსცემს, რაც ამ მოგებას და მთლიანად მატჩს თან ახლდა. ჩვენმა ნაკრებმა უდიდესი ბრძოლისუნარიანობისა და თავდადების ხარჯზე, ოვერტაიმში დაამარცხა გუნდი, რომელმაც 2 დღის წინ სერბეთს მოუგო, ხოლო იმის წინა შეხვედრაში ჯგუფის დაუმარცხებელ ლიდერ გერმანიასთან სტუმრად, რომ იტყვიან, მოგებული შეხვედრა დათმო.

რაც მთავარია, ქართველებმა დაამარცხეს გუნდი, რომელსაც ჯგუფიდან გასვლის საკმაოდ რეალური შანსი ჰქონდა. ისრაელს დარჩენილი 3 შეხვედრა რომ მოეგო, ჯგუფიდან გადიოდა და თბილისში იახლა თელ ავივის “მაკაბის” ის მოთამაშეები, რომლებმაც 2 დღის წინ ებრაელებს სერბეთი დაამარცხებინეს. “მაკაბი” თამაშობს ევროლიგაში, ხოლო ამ ტურნირში მოასპარეზე კალათბურთელებისთვის ფიბას და ულებ-ის (ევროლიგის ორგანიზატორი) შეუთანხმებლობის გამო ნაკრების კარები დახურულია. ებრაელებმა მოახერხეს და საკუთარი დედაქალაქის გუნდიდან მოთამაშეები დაიმატეს, თუმცა ამის მიუხედავად საქართველოს დამარცხება ვერ შეძლეს.

“ქართველები ამაყი, მებრძოლი ხალხია და საქართველოს ნაკრებში მუშაობას რომ დავთანხმდი, ეს იყო ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი” – თქვა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ჩვენი ნაკრების ბერძენმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა. მართლაც, საქართველოს ნაკრების ყველა წევრმა, ვინც მოედანზე გავიდა და ვინც თამაშში არ ჩართულა – თავისი მაქსიმუმი გაიღო მოსაგებად. ჩვენი ნაკრები ერთ მუშტად შეიკრა და მიუხედავად ჯგუფიდან გასვლის მცირე შანსისა, ბოლომდე იბრძოლა, მეტოქეს 1 გოჯი არ დაუთმო და სპორტის სასახლეში დრამატულად მოგებული მატჩების სია ერთით გაზარდა.

დიახ, ეს შეხვედრა დიდ ხანს დაამახსოვრდება და ცხოვრების ბოლომდე გაჰყვება ყველა იმ ადამიანს, რომელიც დღეს სპორტის სასახლეში მოვიდა და ეს სიხარული, საკალათბურთო ზეიმი გაიზიარა. თითქოს სიმბოლური იყო, რომ მატჩის ბედი ბოლო წამზე ისე გადაწყდა, რომ ვიდეოგამეორების ნახვა გახდა საჭირო. სპორტის სასახლეში გამართული წინა მატჩი ევროპის გრანდ საბერძნეთთან სწორედ ბოლო წამზე, ეპიზოდის ვიდეოფირზე ნახვის შემდეგ წავაგეთ. ბერძნებმა 16 სექტემბრის მატჩში გამარჯვების ბურთი საფინალო სირენის თანხლებით ჩაგვიგდეს და გადახვევის შემდეგ აღოჩნდა, რომ დროში ჩაეტივნენ. დღეს, თანაბარ ანგარიშზე, ოვერტაიმის ბოლო წამზე, გიორგი შერმადინის ჩაგდებულ ბურთს ასევე ფირის გადახვევა დასჭირდა. მსაჯებმა ბურთი ჩათვალეს და ისრაელს შესატევად 0,3 წამი დაუტოვეს, რაც საქართველოს გამარჯვებას ნიშნავდა და როცა ებრაელებმა ბურთი განწირულად შემოიტანეს, საფინალო სირენის ხმაც გაისმა – 71:69. 

საქართველოს ნაკრები მატჩის უდიდეს ნაწილს იგებდა, ერთხანს 10 ქულითაც, თუმცა ებრაელები პერიოდული აფეთქებებით იოლად აბათილებდნენ ჩამორჩენას. ილიას ზუროსმა კარგად გამოსცადა ორი ცენტრით თამაშის ტაქტიკა, რომელმაც ისრაელთან მატჩში გაამართლა. მართალია, გოგა ბითაძეს თამაში სასტარტო ხუთეულში არ დაუწყია, თუმცა ის მოედანზე მალევე გამოვიდა და გიორგი შერმადინთან ერთად მეტოქის ფარქვეშეთი დაიპყრო. როცა გოგა ბურთს სამწამიან ზონაში მიიღებდა, ის შეუჩერებელი გახლდათ. ბურჯანაძე კარგად ირჯებოდა, თუმცა როგორც მწვრთნელმა ნამატჩევს თქვა, 2 ცენტრით თამაშით გუნდი მეტ სარგებელს იღებდა და აქცენტიც ამაზე გააკეთა.

ბურთს ვეტერანი და ძალიან გამოცდილი გიორგი ცინცაძე ათამაშებდა, რომელმაც ბოლო წლების ერთ-ერთი შედეგიანი თამაში ჩაატარა – 14 ქულა ჩააგდო. კარგად ირჯებოდა დუდა სანაძე, რომელიც უფრო მეტად იბრძოდა, ვიდრე სამქულიანებს ესროდა. ებრაელების დაცვა საკმაოდ ეფექტური გახლდათ, განსაკუთრებით – მეორე ნხევარში, როცა სტუმრებმა 9-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრეს და პირველ წუთებზე დაკარგული ლიდერობა, შეხვედრის დასრულებამდე 6 წუთით ადრე დაიბრუნეს. 

კარგად ჩაერთვნენ თამაშში მიხეილ ბერიშვილი, მერაბ ბოქოლიშვილი, ლევან ფაცაცია და ახალგაზრდა რატი ანდრონიკაშვილი. რატიმ მხოლოდ პირველ პერიოდში ითამაშა და შედეგიან გადაცემასთან ერთად საჭირო ჩაჭრაც მიითვალა. თად მაკფადენი, რომელიც საწყის 3 პერიოდში რიგიანად ვერ ესროდა, გადამწყვეტ მომენტში, ერთმანეთის მიყოლებით, 2 სამქულიანი ჩააგდო. 

ებრაელები მატჩის დასრულებამდე 5 წუთით არე 4 ქულით დაწინაურდნენ, რაც კარგი დაცვისა და ზუსტი შორი სროლების დამსახურება გახლდათ. გოგა ბითაძეს ზუროსმა შერმადინი შეუწყვილა, თუმცა ებრაელთა დაცვა იმდენად კარგად თამაშობდა, რომ ქართველებმა ბოლო პერიოდის საწყის 5 წუთში მხოლოდ 2 ქულა ჩააგდეს. ბითაძემ, სამწამიანში რომ ვერ შეაღწია, პერიმეტრზე ავიდა და სამქულიანი მიითვალა. კვანძიც აქ გაიხსნა და ქართველებმა ლიდერობა დაიბრუნეს. თამაში ქულა-ქულაში გაგრძელდა და ბოლო წუთზე, ორმხრივი შეცდომების ფონზე, ებრაელებმა ანგარიში საჯარიმოებით გაათანაბრეს. მატჩის ძირითადი დრო 64:64 დასრულდა და შეხვედრა დამატებით 5-წუთეულში გადავიდა.

ნერვების თამაშში და კვლავ ორმხრივი შეცდომების ფონზე ბოლო წამებმა ისე მოატანა, რომ ისევ ფრე დაფიქსირდა – 69:69. ბოლო შეტევაში საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა მოთამაშემ, თად მაკფადენმა კარგად მოძებნა ფართან მიტოვებული შერმადინი, რომელმაც დამაწინაურებელი ორქულიანი ჩააგდო თუ არა, საფინალო სირენა გაისმა. როგორც ვთქვით, გადახვევის შემდეგ ბურთი ჩაითვალა, რამაც საქართველოს ნაკრებს გამარჯვება და გულშემატკივრებს ზღვა სიხარული მიანიჭა.

საკალათბურთო ზეიმი, რომელიც ორგანიზატორთა მხრიდან არაერთი თანამედროვე გასართობი ნომრით იყო გალამაზებული, ქართველების ლამაზი გამარჯვებამ დააგვირგვინა. მაყურებელთათვის დიდ შესვენებაზე გათამაშდა პრიზები, ხოლო შეხვედრის განმავლობაში მიმდინარეობდა გამოკითხვა კალათბურთის ფედერაციის მედია-პარტნიორის – “აჭარაბეთის” ვებ-გვერდზე, რომელმაც მატჩის საუკეთესო მოთამაშედ გოგა ბითაძე გამოავლინა. ბითაძეც და წინანდელი, ესტონეთთან ჩატარებული მატჩის MVP გიორგი შერმადინი დღევანდელი შეხვედრის შემდეგ დაჯილდოვდნენ. 

მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო 2 მატჩს საქარველოს ეროვნული ნაკრები 2019 წლის 21 თებერვალს საბერძნეთში ამ ქვეყნის ნაკრებთან, ხოლო 24-ში თბილისში – ესტონეთთან გამართავს. რაც შეეხება შანსებს, მსოფლიოს ჩემპიონატზე რომ გავიდეს, საქართველოს ნაკრებმა დარჩენილი 2 შეხვედრა უნდა მოიგოს, ხოლო ჯგუფში ჩვენს წინ ერთადერთი ქულითმყოფმა სერბეთმა, რომელმაც დღეს საბერძნეთი 84:61 დაამარცხა, დარჩენილი ორივე შეხვედრა უნდა წააგოს. 

საქართველო – ისრაელი 
სტატისტიკა: 71:69

მატჩის დასრულების შემდეგ საკმაოდ საინტერესო კომენტარები გაკეთდა:

ილიას ზუროსი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი): “პირველ რიგში, მინდა მივულოცო აკალათბურთელებს, რომლებმაც მთელი გულით ითამაშეს. მადლობა მწვრთნელებს და მთელ პერსონალს. ადვილი არ იყო, რომ ასეთ მოკლე დროში გუნდი ორი მატჩისთვის კარგად მომზადებულიყო. ასეთ ვითარებაში, ყველაზე სწორი გამოსავალია დაცვაში კარგი თამაში და ეს მოვახერხეთ კიდეც. ჩვენი მოთამაშეები 200%-ით დაიხარჯნენ და დაამარცხეს ძალიან ძლიერი გუნდი, რომელმაც თავის მხრივ, სერბეთს მოუგო.

ყველაზე მნიშვნელოვანია ქართველი გულშემატკივარი, რომელიც მთელი თამაში გვეხმარებოდა და განსაკუთრებით ბოლო წუთებში. როდესაც საქართველოში ჩამოვდიოდი, ვიცოდი რომ ქართველები იყვნენ ამაყი და მებრძოლი ხალხი და ეს ყველა შეხვედრაში მტკიცდება. თორნიკე შენგელიამ ყველას გვაჩუქა სამაჯური, რომელსაც აწერია ქართული სული. საქართველოს ნაკრები ბოლომდე იბრძვის ყველა შეხვედრაში.

გიორგი შერმადინმა და გოგა ბითაძემ ერთად ძალიან კარგად ითამაშეს. ბექა ბურჯანაძე დიდი ხნის შემდეგ დაგვიბრუნდა და მთელი გულით ითამაშა. გვყავს ახალგაზრდა რატი ანდრონიკაშვილი, რომელიც საქართველოს ნაკრების მომავალია. ჩვენი ერთ-ერთი მიზანია, რომ ახალ თაობას მივცეთ ასპარეზი. დიდი მადლობა ყველას, ვინც გვიგულშემატკივრა: ჩვენ ერთი გუნდი ვართ”.

გიორგი შერმადინი (საქართველოს ნაკრები): “პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს, რომლებმაც სპორტის სასახლეში შესანიშნავი ატმოსფერო შექმნეს. ასევე, მინდა მივულოცო გამარჯვება მწვრთნელებს. მნიშვნელოვანი მოგება იყო, რადგან ჩვენ დავამარცხეთ ძალიან ძლიერი გუნდი, რომელსაც ევროლიგის მოთამაშეები ჰყავდა და რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის შანსს ინარჩუნდება. უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი გულშემატკივარი საუკეთესოა.

ბოლო წამზე ჩაგდებული ბურთით ბედნიერი ვარ, რადგან მოვიგეთ თამაში და გულშემატკივარი გავახარეთ. იმ მომენტში უბრალოდ დავფრინავდი ბედნიერებისგან. ეს კომბინაცია ჩვენმა მწვრთნელმა დახაზა, რამაც გამოიღო კიდეც შედეგი”.

ოდეტ კატაში (ისრაელის ნაკრების მწვრთნელი): “ძალიან რთული თამაში იყო. სამწუხაროდ, ამ შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრებთან მეორეჯერ დავმარცხდით. მსაჯმა სამ მომენტში არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. გასაგებია, რომ ასეთ დაძაბულ შეხვედრაში რთულია მსაჯობა, მაგრამ ამით ეს შეცდომები ვერ გამართლდება. ფიბამ რამე უნდა იღონოს, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს. თუმცა, ჩვენი მარცხის მიზეზი მხოლოდ მსაჯობა არ იყო. პირველ ტაიმში ცუდად ვითამაშეთ და ზოგადად, შეტევაში გვიჭირდა. 

ჯერ არ ვიცი დავკარგეთ თუ არა მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის შანსი, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, მოტივაციის პრობლემა არ გვექნება. ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე გვყავს, ჩვენ წარმოვადგენთ ისრაელს და ამით ყველაფერია ნათქვამი. დარჩენილ შეხვედრებში მაქსიმალურად მოვინდომებთ”.

გოგა ბითაძე (საქართველოს ნაკრები): “დიდი ხანია ასეთი თამაში არ მინახავს და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მატჩი ჩვენი გამარჯვებით დასრულდა. როგორც ესტონეთში, ისე დღეს, დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ. მართალია, მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის შანსი მცირეა, მაგრამ ჩვენ ყველა თამაშზე მოსაგებად გავდივართ და ბოლომდე ვიხარჯებით. თუ ამ გამარჯვებით ჩვენი შანსები გაიზრდება, შესანიშნავი იქნება”.

დუდა სანაძე (საქართველოს ნაკრები): “ველოდით ასეთ მძიმე ბრძოლას. ძალიან მაგარი თამაში იყო. დიდი მადლობა გულშემატკივრებს და ჩემ თანაგუნდელებს, რომლებმაც ყველაფერი დადეს მოედანზე”.

თად მაკფადენი (საქართველოს ნაკრები): “ეს იყო ძალიან მაგარი თამაში, რომელშიც საბედნიეროდ გამარჯვება მოვიპოვეთ. ორივე გუნდმა მაქსიმუმი გააკეთა და ამიტომ გამოვიდა ასეთი დაძაბული მატჩი. ეს იყო დიდი მატჩი და საბედნიეროდ, გავახარეთ ჩვენი გულშემატკივრები”.