დღეს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები არასრული შემადგენლობით თბილისში შეიკრიბა და მოახლოებული მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის მზადება დაიწყო. შეგახსენებთ, რომ ილიას ზუროსის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები 23 თებერვალს ალმერეში ნიდერლანდების ნაკრებს შეხვდება, ხოლო საკვალიფიკაციოს დასკვნით მატჩში თბილისში ისლანდიას დაუპირისპირდება. ორივე მატჩის მოგების შემთხვევაში, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები არსებობის ისტორიაში პირველად გავა მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელსაც მომავალ აგვისტო-სექტემბერში სამი აზიური ქვეყანა – იაპონია, ფილიპინები და ინდონეზია უმასპინძლებს.
თბილისი არენაზე ნაკრებში გამოძახებული 14 მოთამაშიდან 8 იმყოფებოდა – გიორგი ცინცაძე, რატი ანდრონიკაშვილი, გივი ბაქრაძე, კახა ჯინჭარაძე, მერაბ ბოქოლიშვილი, მიხეილ ბერიშვილი, ბექა ბექაური და ილია ლონდარიძე. ილიას ზუროსის გადაწყვეტილებით, ნაკრების ვარჯიშზე დაუძახეს სუპერლიგაში მოთამაშე ორ ყოჩაღ ახალგაზრდა კალათბურთელსაც – რუსთაველ გუგა პატაშურს და კავკასიელი ნიკოლოზ გაფრინდაშვილს.
ლეგიონერებიდან თბილისში ჯერ მხოლოდ ანდრონიკაშვილი ჩამოვიდა, დუდა სანაძე ხვალ ვარჯიშზე იქნება, ხოლო გიორგი კორსანტიას საკითხი მისი გუნდის შედეგზეა დამოკიდებული, რომელიც ჩრდილოეთ მაკედონიის თასზე ასპარეზობს და თუ მომდევნო ეტაპზე გავიდა, კორსანტია ეროვნულ გუნდს ნიდერლანდებში შეუერთდება.
ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია ისევე როგორც ბექა ბურჯანაძე და ესპანურ ლიგაში მოთამაშე გიორგი შერმადინი და თად მაკფადენი, ეროვნულ გუნდს ალმერეში შეუერთდებიან. დღევანდელ ვარჯიშს რაც შეეხება, ილიას ზუროსმა ასისტენტებთან – ანატოლი ბოისასთან და გეორგიოს ლიმნიატისთან ერთად მოთამაშეები ნაკრებში აპრობირებულ კომბინაციების დამუშავებაზე ავარჯიშა. საქართველოს ნაკრები არასრული შემადგენლობით თბილისში კიდევ 2 დღე დარჩება – 18 და 19 თებერვალს თბილისი არენაზე ივარჯიშებს და 20 თებერვალს, გამთენიისას ნიდერლანდებში გაემგზავრება, სადაც სრული შემადგენლობით ვარჯიშსა და მზადებას 23 თებერვლის მატჩისთვის გააგრძელებს.
შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდებისა და საქართველოს მატჩი 23 თებერვალს, თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება და პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.