საქართველოს ნაკრებმა ნიდერლანდებში გაიმარჯვა და მსოფლიოს ჩემპიონატამდე ისლანდიური ბარიერი დარჩა
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სტუმრად ნიდერლანდები დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელი გზა კიდევ უფრო დაიმოკლა. ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა, თავად მთავარი მწვრთნელის თქმით, ნიდერლანდებთან პროფესიონალურად მოიგო და ჩვენი ქვეყნის საკალათბურთო ნაკრებს ისტორიულ მიღწევამდე ერთადერთი გამარჯვების მოპოვება მართებს. გადამწყვეტი შეხვედრა საქართველოს დედაქალაქში, თბილისი არენაზე, 26 თებერვალს, 20:00 საათზე დაიწყება და ჩვენი სურვილია, 2 საათის შემდეგ ქართული კალათბურთისა და ზოგადად, სპორტის მოყვარულებს საზეიმოდ ჰქონოდეთ საქმე. მეტოქე ისლანდია იქნება, რომელიც საქართველოს ნაკრებმა პირველ წრეში, რეიკიავიკში დაძაბულ ბრძოლაში, 88:85 დაამარცხა და თუკი ზუროსის გუნდი გაიმარჯვებს, წლეულს გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე გავა.
ამასობაში სასიამოვნო ამბები მოვიდა იმ ქალაქებიდან, სადაც ჩვენი ჯგუფის მატჩებში საქართველოს მეტოქეები თამაშობდნენ. იტალიამ უკრაინას 85:75 მოუგო და სლავებს მსოფლიოზე გასვლის შანსები გადაუწურა, ხოლო ჩვენმა კიდევ ერთმა და უფრო რეალურმა კონკურენტმა ისლანდიამ შინ ესპანეთთან 61:80 წააგო და ჯგუფში მათემატიკურად ასეთი ვითარება შეიქმნა: საქართველოს ნაკრებმა 26 თებერვალს თბილისში ისლანდიასთან 2 ქულაზე მეტით თუ არ წააგო, მსოფლიოს ჩემპიონატზე გავა, თუმცა, წაგების გაგონება ნაკრების არც ერთ წევრს არ სურს. ილიას ზუროსი მხოლოდ მოსაგებად გაიყვანს ბიჭებს მოედანზე, ხოლო 2-ქულიანი წაგება ფურცელზე, მათემატიკურად და დაზღვევის მიზნით იარსებებს.
რას ნიშნავს თავში ნათქვამი ზუროსის სიტყვები, რომ საქართველომ პროფესიონალურად მოიგო ნიდერლანდებში. მთავარმა მწვრთნელმა იგულისხმა ის, რომ ჩვენმა ნაკრებმა კარგად ვერ ითამაშა, მაგრამ მოგება მეტოქეზე მეტად სჭირდებოდა და კლასის ხარჯზე სასურველს შედეგ მიაღწია. საქართველოს ნაკრები რომ ჰოლანდიაზე მაღალი კლასის გუნდია, ეს შემადგენლობიდანაც ჩანდა. ბენილუქსელებს ძირითადი შემადგენლობის 6 მოთამაშე აკლდათ და რაკი ამ მსოფლიოს საკვალიფიკაციოში არავითარი შანსი არ აქვთ, ნაკრებში ახალგაზრდებს უხმეს. უხმეს და 20 წლის იანიკ კრააგმა 3 სამიანი და 23 ქულა ჩააგდო, ხოლო 21 წლის კეი ვან დერ ვურსტმა 4 სამქულიანი და 21 ქულა.
სწორედ სამქულიანები იყო ის იარაღი, რითაც მასპინძლებმა პირველი ტაიმი მოიგეს და ზოგადად, მთელი თამაში გვანერვიულეს. თავად განსაჯეთ: პირველ ნახევარში ნიდერლანდელებმა 9 სამქულიანი ჩააგდეს, ქართველებმა კი მხოლოდ 1 და ამის ფონზე, მასპინძლები დიდ შესვენებაზე მხოლოდ 7 ქულით იგებდნენ. აშკარა იყო, რომ სხვა კომპონენტში ნიდერლანდელებს შანსი არ ჰქონდათ. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი შერმადინზე ბევრად მაღალი ცენტრით დაიწყეს თამაში, სამწამიანში მასპინძლებს არაფრის შანსი არ ჰქონდათ. ერთადერთ იარაღად სამქულიანი სროლები ჰქონდათ და სამწუხაროდ, ჩვენს კალათბურთელებს შორიდან სროლა არ წაუვიდათ, ხოლო დიდი მცდელობის მიუხედავად, პერიტიმეტრი სათანადოდ ვერ გადაკეტეს.
როცა მასპინძლები რამდენიმე შეტევას გააცუდებდნენ, საქართველოს ნაკრები ჩამორჩენას ამცირებდა, თუმცა პირველი ნახევრის ბოლოს ნიდერლანდელებმა სამქულიანიც ჩააგდეს, ეგრეთწოდებული AND1-იც და დიდ შესვენებაზე 7-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ. მეორე ნახევარი წამების განახლებული იყო, როცა მასპინძლებმა 2+1-ქულიანი შეტევა განახორციელეს და 10-ქულით დაწინაურდნენ – 45:35. ეს უკვე განგაშის ზარს ჰგავდა, თუმცა როგორც გამოჩნდა, ქართველები დიდი შესვენებიდან ისეთი მომართულნი დაბრუნდნენ, მესამე პერიოდში შეუჩერებლები გახდნენ. თად მაკფადენმა წამებში 2 ერთნაირი სამქულიანი ჩააგდო, შენგელია და შერმადინიც ტრადიციულად სტაბილურად თამაშობდნენ და არასრულ 3 წუთში საქართველოს ნაკრებმა ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირა.
მალე ანგარიშიც გათანაბრდა და 31:20 მოგებული მესამე პერიოდის შემდეგ საქართველოს ნაკრები 4 ქულით – 66:62 დაწინაურდა. გადამწყვეტ მეოთხედში მასპინძლებს სამქულიანი სროლების მეორე სუნთქვა გაეხსნათ და ანგარიში ისევ გაათანაბრეს, თუმცა მეტი კლასისა და გამოცდილების მქონე საქართველომ მოგება ხელიდან აღარ გაუშვა. ჩვენმა ნაკრებმა შენგელიასა და შერმადინის ლიდერობით, რომლებსაც ზურგს დუდა სანაძე, თად მაკფადენი, ბექა ბურჯანაძე, მიხეილ ბერიშვილი და ჩვენი გუნდის წევრები უმაგრებდნენ, ბოლო წუთებზე მოპოვებული უპირატესობა კომფორტულად შეინარჩუნეს და დამაჯერებელ გამარჯვებამდე მივიდნენ – 88:80 (სტატისტიკა).
ჩვენს ნაკრებში საუკეთესო შედეგი თორნიკე შენგელიამ დააფიქსირა, რომელიც გასახდელიდან პირდაპირ აეროპორტში წავიდა და ბოლონიაში გაფრინდა, სადაც 24 თებერვალს ევროლიგაში ბასკონიასთან მატჩი ელის. შენგელიამ 25 ქულა, 6 მოხსნა, 3 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა. შერმადინის ანგარიშზე 22 ქულა და 6 მოხსნა დაგროვდა. 20 ქულა მიითვალა თად მაკფადენმა, მიხეილ ბერიშვილის ანგარიშზე კი 7 ქულა დაგროვდა. ბექა ბურჯანაძე ნაკრებს მნიშვნელოვანი 4 ქულით შეეწია, დუდა სანაძემ შეხვედრა 3-3 ქულით, მოხსნითა და პასით დაასრულა.
საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებიდან ჩარტერული რეისით გამოფრინდება და თბილისში დილის 11:00 საათზე იქნება. პარასკევს და შაბათ ილიას ზუროსი ჩვენს გუნდს თბილისი არენაზე ავარჯიშებს, ხოლო 26-ში ისტორიული მნიშვნელობის მატჩი გაიმართება: საქართველო – ისლანდია!
მატჩის შემდეგ გაიმართა ტრადიციული პრესკონფერენცია, რომელზეც გიორგი შერმადინმა და მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა ისაუბრეს:
გიორგი შერმადინი: „ჩვენი ფიქრები კვირის მატჩისკენაა. ნიდერლანდები დავამარცხეთ და ერთი ნაბიჯი გადავდგით მსოფლიო ჩემპიონატისკენ. დარჩა ერთი მოგება, 26 თებერვალს ისლანდიასთან, რომელსაც მთელი საქართველო ელის. 10 ათასიანი დარბაზი ბოლომდე გაივსება და გულშემატკივარი ექსტრა-ენერგიას მოგვცემს. თავს არ დავზოგავთ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დასახულ მიზანს მივაღწიოთ. მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში ხომ განსაკუთრებული მოვლენაა“.
ილიას ზუროსი: “მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ნიდერლანდებში გამარჯვების (88:80) შემდეგ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა საინტერესო კომენტარი გააკეთა“
„ჩვენთვის ეს ურთულესი თამაში იყო. მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად ორიდან ორი მატჩის მოგება გვჭირდებოდა. 10 ქულით ვაგებდით და სწორედ ამ დროს გამოიჩინეს კალათბურთელებმა დიდი სიმამაცე. თამაში შემოვატრიალეთ და უმნიშვნელოვანესი მოგება მოვიპოვეთ.
რა შევცვალეთ პირველი ტაიმის შემდეგ? ბევრი არაფერი – უბრალოდ მატჩის დასაწყისში უამრავი სამქულიანი გავაცუდეთ, იყო ერთგვარი ნერვიულობა. მეტოქეს თავდაჯერებით თამაშის უფლება მივეცით. მეორე ტაიმიდან კი მეტად კონცენტრირებულები და მოტივირებულები ვიყავით. სამქულიანებიც გამოვიყენეთ და ყველაფერი გაიოლდა.
კვირას, 26 თებერვალს ისლანდიას დავუპირისპირდებით. ეს იქნება საქართველოს ნაკრების დიდი გამოწვევა. ამიტომ, მაქსიმალურად მობილიზებულები უნდა ვიყოთ. დავივიწყოთ ნიდერლანდებთან მატჩი და მოვემზადოთ ისლანდიისთვის.
განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო თორნიკე შენგელიას მონდომება. მან დღეს ალმერეში ითამაშა, ხვალ ევროლიგაზე ელის შეხვედრა, რის შემდეგაც თბილისში შემოგვიერთდება და ისლანდიასთან მატჩში დაგვეხმარება“.