საქართველოს ნაკრებმა თელ ავივში ისრაელი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა

საქართველოს ნაკრებმა თელ ავივში ისრაელი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2019 წლის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი გასვლითი გამარჯვებით დაიწყო. ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა თელ ავივში, ისრაელის ნაკრებს 85:80 სძლია და ებრაელებს ცხრილში გადაუსწრო. საქართველოს ნაკრებს პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან 2 გამარჯვება გადმოჰყვა და ახლა მოგებ-წაგებათა ბალანსი 3-3-ზე აქვს.

თელ ავივში გამარჯვებით საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ევროპულ კალათბურთში საკუთარ, ბოლო წლებში დამკვიდრებულ ადგილს ინარჩუნებს. ზუროსის გუნდმა დიდი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა და მატჩი, რომლის პირველი ნახევრის შემდეგ თითქოს იოლად მოსაგები ჩანდა, ხოლო მესამე პერიოდში მასპინძელთა უდიდეს წინააღმდეგობას წააწყდა, ბოლო წუთებზე მკაცრი სათამაშო დისციპლინითა და გუნდური გარჯით 5 ქულით მოიგო.

ქართველებმა მატჩის პირველ ნახევარში, რომელიც 12 ქულით მოიგეს, 11 სამქულიანი ჩააგდეს. ჩვენი გუნდის ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელის სადებიუტო სროლები ზუსტი გამოდგა. მეტ ჯენინგმა პირველი და მეორე ნასროლი სამიანი ჩააგდო, მესამე ააცილა და შემდეგ ისევ ზუსტად ესროლა. ჯენინგის მსგავსად პირველ ნახევარში 3 სამიანი ჩააგდო თორნიკე შენგელიამ და დუდა სანაძემ. პირველი ნახევრის სამქულიანების თამასა 11-მდე მერაბ ბოქოლიშვილმა და მიხეილ ბერიშვილმა შეავსეს.

მესამე პერიოდიდან მასპინძლებმა სათამაშო ტაქტიკა შეცვალეს. პერიმეტრზე აიწიეს, რითაც ქართველებს სამქულიანების სროლის შესაძლებლობა შეუზღუდეს, ხოლო შეტევაში მარტივად, სისწრაფისა და სწორი გადაადგილების ხარჯზე კლასიკურ, ეგრედ წოდებულ პიკ-ენ-როლს თამაშობდნენ. ამან კი ის შედეგი გამოიღო, რომ მესამე პერიოდი ებრაელებმა 31:16 მოიგეს და 13-ქულიანი ჩამორჩნა ლიდერობად აქციეს – 68:65.

ბოლო პერიოდში ილიას ზუროსმა რამდენიმე გადაადგილება გააკეთა. ერთი მონაკვეთი ქართველებმა ცენტრის გარეშე ითამაშეს, თუმცა ამან სასურველი შედეგი არ გამოიღო. ანგარიში ებრაელებს მიჰყავდათ, ქართველები კი დაწინაურებას ვერ ახერხებდნენ. საქართველოს ნაკრებმა ის მოახერხა, რომ დაცვაში არეული საქმეები დაალაგა და მეტოქეს ქულების განუხრელად ხვეჭის წყარო გადაუკეტა, თუმცა შეტევაში მოვიკოჭლებდით და კვანძი ბოლო წუთებზე გაიხსნა. მიხეილ ბერიშვილმა ძალიან მნიშვნელოვანი სამიანი ჩააგდო, რითაც ებრაელებს გაქცევის საშუალება არ მისცა. თორნიკე შენგელიას ფარქვეშ დასახმარებლად გოგა ბითაძე შეეშველა, ხოლო უკანა ხაზში გამთამაშებლის სადავეები მოედნიდან დასასვენებლად გასულმა გიორგი ცინცაძემ დაიბრუნა. 

მატჩის დასრულებამდე 2:28 წუთით ადრე შენგელიას საჯარიმოების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა მესამე პერიოდის შუაწელში დაკარგული ლიდერობა დაიბრუნა. შემდეგ თამაში ქულა-ქულაში გაგრძელდა და ბოლო წუთზე გოგა ბითაძის, გიორგი ცინცაძის, დუდა სანაძის, მეტ ჯენინგის და გიორგი ცინცაძის საქები გარჯით ქართველებმა ბოლო წამებზე მატჩის ბედი სათავისოდ გადაწყვიტეს. ეს თორნიკე შენგელიას ფარქვეშა ორქულიანის შემდეგ მოხდა, რაც გიორგი ცინცაძის უმნიშვნელოვანეს ჩაჭრას მოჰყვა, რომელიც ვეტერანმა გამთამაშებელმა ებრაელთა ყველაზე სასარგებლო მოთამაშის, ტამირ ბლატის წინააღმდეგ მოედნის ცენტრში განახორციელა.  

მატჩის ბომბარდირი 22 ქულით თონიკე შენგელია გახდა, რომელსაც ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა. მარგი ქმედების კოეფიციენტით საუკეთესო შედეგი გოგა ბითაძემ დააფიქსირა, რომელმაც 23 წუთში 13 ქულა, 9 მოხსნა, 4 საფარება და 2 პასი მოაგროვა. 17 ქულით დაასრულა შეხვედრა დუდა სანაძემ, რომელმაც 7-დან 5 სამქულიანი ჩააგდო. 5 სამიანი ჩააგდო ნაკრების დებიუტანტმა მეტ ჯენინგმა, რომელმაც შეხვედრა 15 ქულით და 3-3 მოხსნა-პასით დაასრულა. 9 ქულა ჰქონდა გიორგი შერმადინს, 6 მიხეილ ბერიშვილს, ხოლო 3 – მერაბ ბოქოლიშვილს. გიორგი ცინცაძეს ბურთი არ ჩაუგდია, თუმცა მისი 7 პასი და 3 ჩაჭრა, რომელთაგან ბოლო მატჩის ბედის განმსაზღვრელი იყო, ნაკრებისთვის დიდად სასარგებლო გამოდგა. 

საქართევლოს ნაკრები თბილისში 14 სექტემბერს, სტამბოლის რეისით 16:30 საათზე ჩამოფრინდება და მზადებას საბერძნეთის მატჩისთვის განაგრძობს, რომელსაც 16 სექტემბერს, სპორტის სასახლე უმასპინძლებს.

ისრაელი – საქართველო 
სტატისტიკა: 80:85

ჩვენი ჯგუფის სხვა მატჩები ასე დასრულდა: ესტონეთი – გერმანია 43:86, საბერძნეთი – სერბეთი 70:63