საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტმა, გაეროს განვითარების პროგრამისა და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, სპორტულ ორგანიზაციებში მმართველობის ხარისხის შეფასების მიზნით კვლევა ჩაატარა, რომელიც ოთხ ძირითად კრიტერიუმს მოიცავდა:
•გამჭვირვალობა
•დემოკრატიული პროცესები
•შიდა ანგარიშვალდებულება და კონტროლი
• საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა.
აღნიშნული კომპონენტების შეჯამებით შედგა ინდივიდუალური ინდექსი, სადაც საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას მაღალი მაჩვენებელი აქვს.
საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის მიერ ჩატარებულ კვლევაზე უცვლელად გთავაზობთ საქართველოს პირველი არხის ვებ-გვერდზე www.1tv.ge გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც დეტალურად მიიღებთ ინფორმაციას კვლევის შესახებ.
წყარო: www.1tv.ge ➥ როგორია სპორტულ ორგანიზაციებში მმართველობის ხარისხი – საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის კვლევის შედეგები #1TVSPORT
საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის ინიციატივით, გაეროს განვითარების პროგრამისა და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით ჩატარდა საინტერესო კვლევა, რომლის მიზანი სპორტულ ორგანიზაციებში მმართველობის ხარისხის შეფასება იყო.
პროექტის ფარგლებში დეტალურად შეისწავლეს 21 სპორტული ორგანიზაცია, რომელთა შორის უმეტესობა ფედერაციაა, თუმცა იყო სამი რეგიონული სპორტული ორგანიზაცია.
„სპორტში კარგი მმართველობის თემა იმდენად აქტუალურია, რომ ევროპის საბჭო უკვე მუშაობს საერთაშორისო შეთანხმებაზე, რომელიც დაავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, გაატარონ შესაბამისი პოლიტიკა, რომ სპორტულ ფედერაციებში გაიზარდოს მმართველობის ხარისხი“, – გვითხრა პროექტის მთავარმა მკვლევარმა, ორგანიზაცია „სპორტი განვითარებისთვის – საქართველო“ თანადამფუძნებელმა, ანატოლი კორეპანოვმა.
ანატოლი კორეპანოვი
სპორტული ორგანიზაციები შეფასდა ოთხი ძირითადი კრიტერიუმით: გამჭვირვალობა, დემოკრატიული პროცესები, შიდა ანგარიშვალდებულება და კონტროლი, საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა. ამ ოთხი კომპონენტის შეჯამებით შედგა ინდივიდუალური ინდექსი, რომლის მიხედვით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას ჰქონდა – 58%; მეორე იყო – საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი (57%); მესამე – რაგბის კავშირი (41%).
„მოგეხსენებათ, სახელმწიფო სპორტში დიდ რესურსს დებს. დახარჯული თანხის ეფექტიანობის გაზრდისთვის მნიშვნელოვანია, სპორტული ორგანიზაციები მაქსიმალურად გაძლიერდნენ და მნიშვნელოვნად შემცირდეს კორუფციის რისკი. ამ მხრივ, პრობლემები არა მხოლოდ საქართველოშია. გავიხსენოთ თუნდაც ფიფა-ს სკანდალი კორუფციასთან დაკავშირებით…
საქართველოში ძირითადი პრობლემებია არჩევნები, ეთიკის საკითხები, ინტერესთა კონფლიქტი… არის სიტუაცია, როდესაც ფედერაციის მმართველი არ არის ანგარიშვალდებული მისი წევრების წინაშე. პრობლემატურია ისიც, რომ ფედერაცია მოიხმარს სახელმწიფო რესურსს, მაგრამ არ აქვეყნებს, სად და როგორ დაიხარჯა“, – განაგრძობს ანატოლი კორეპანოვი.
გამოკვლეულ 21 ორგანიზაციას შორის არ არის ფეხბურთის ფედერაცია. მიზეზზე პროექტის ხელმძღვანელი გვესაუბრება:
„2018-19 წლებში ჩატარდა პირველი კვლევა, რომელშიც ხუთი ფედერაცია მონაწილეობდა – ფეხბურთის, ხელბურთის, ჩოგბურთის, ძალოსნობისა და საწყლოსნო სპორტის. მეორე კვლევისასაც გვქონდა კომუნიკაცია ფეხბურთის ფედერაციასთან, გვითხრეს, თავს ვიკავებთ და მონაწილეობის სურვილი არ გვაქვსო. თუმცა, წინა კვლევის მიხედვით ფეხბურთის ფედერაციის მონაცემები არსებობს“.
კვლევის შედეგები სახარბიელო არ არის – კარგი მმართველობის საერთო ინდექსი 23 პროცენტია.
„კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ გვაქვს ბევრი პრობლემა და გამოწვევა. ეს კვლევა არ ამტკიცებს, რომ ესა თუ ის ფედერაცია არის კორუმპირებული ან ნაკლებად ეფექტიანი, უბრალოდ, ამით ვამბობთ იმას, რომ ეს არის ნაკლოვანებები, რომლებმაც შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ორგანიზაციის საქმიანობაზე.
კვლევის შედეგები გავაცანით ფედერაციებს და ვფიქრობდით, რა ნაბიჯები უნდა გადადგმულიყო მმართველობის გასაუმჯობესებლად. ამ მიზნით 2020 წლის ბოლოს შევხვდით სამინისტროს მიერ აღიარებულ ფედერაციებს. გავმართეთ დისკუსია, რომლის საფუძველზეც შევიმუშავეთ ქართულ სპორტში კარგი მმართველობის კოდექსი. ეს არის დოკუმენტი, რომელიც მოითხოვს – ფედერაციებისთვის, რომლებიც გარკვეულ თანხას იღებენ სახელმწიფოსგან, სავალდებულო იყოს კონკრეტული სტანდარტების დაკმაყოფილება“.
როდის ამოქმედდება დოკუმენტი?
„დოკუმენტი უკვე მომზადებულია, განხილულია ფედერაციებთან. საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტმა ეს დოკუმენტი ოფიციალურად გაუგზავნა სპორტის სამინისტროს. იმის გამო, რომ სამინისტროში გარკვეული საორგანიზაციო ცვლილებები განხორციელდა, ჯერ კონკრეტული ნაბიჯი არ გადადგმულა. თუმცა ველოდებით, რომ სამინისტრო მალე მიიღებს ამ დოკუმენტს.
არ ვამბობთ, რომ ეს კოდექსი ბრძანების დაწერისთანავე უნდა ამოქმედდეს. ჩვენი მიდგომაა, რომ ფედერაციებს მივცეთ დრო და სტიმული, რომ დანერგვა დროთა განმავლობაში დაიწყონ. ხოლო დოკუმენტი სრულად ამოქმედდეს 2-3 წელიწადში. მაშინ უკვე სპორტის სამინისტრომ ფედერაციებს მოსთხოვოს ქართულ სპორტში კარგი მმართველობის კოდექსით გათვალისწინებული პრინციპების შესრულება“, – დასძენს ანატოლი კორეპანოვი.
წყარო: www.1tv.ge