საქართველოს U16 ნაკრები სლოვენიასთან ბოლო წამებზე – 58:62 დამარცხდა

საქართველოს U16 ნაკრები სლოვენიასთან ბოლო წამებზე – 58:62 დამარცხდა

ევროპის ჩემპიონატზე მე-2 მატჩი გამართა საქართველოს ნაკრებმა და დაძაბულ ბრძოლაში, დასანანი მარცხი იწვნია. ნიკა ცინცაძის გაწვრთნილი ჩვენი გუნდის მეტოქე სლოვენია გახლდათ, რომელმაც პირველ ტურში პოლონეთი 15 ქულით დაამარცხა. სლოვენიელებს ქართველებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს და საბოლოოდ შეხვედრა 4 ქულით – 58:62 (სტატისტიკა) დათმეს.

საქართველოს ნაკრებმა პირველ ტურში საფრანგეთთან ითამაშა და ბოლო პერიოდის ჩავარდნის გამო 49:74 წააგო. სლოვენიასთან ქართველებმა გაცილებით უკეთ ითამაშეს. აღსანიშნავია, რომ ჩვენი გუნდი მესამე პერიოდის შემდეგ 12 ქულით აგებდა, თუმცა ჩამორჩენის გაბათილება მოახერხა და თანაბარ ბოლო წუთებზე დამარცხდა.

პირველი პერიოდი სლოვენიამ 18:13 მოიგო. ექსიუგოსლავიელებმა მეორე პერიოდში უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს და დიდ შესვენებაზე 12-ქულიანი ჰანდიკაპით გავიდნენ – 31:19. მესამე პერიოდი თანაბარი გამოდგა და სხვაობა შენარჩუნდა. მთავარი ამბები ბოლო პერიოდში მოხდა, როცა მათე ხატიაშვილის, საბა ჟღენტისა და ილია სულაძის მექულეობით ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირეს. ეს მოხდა თამაშის დასრულებამდე 1:34 წუთით ადრე, რის შემდეგაც ანგარიში 58:61 გახდა. 

მომდევნო 20 წამში ჩვენმა გუნდმა დაცვაში კარგად ითამაშა, ირაკლი ქარდავამ ერთ შეტევაში ორჯერ დაუფარა სლოვენიელ სტეფან იოკსიმოვიჩს და ჩვენებს გათანაბრების შანსიც მიეცათ, მაგრამ დავით ჭუაძის სამქულიანი მიზანს ასცდა. ქართველებმა ტაქტიკური ჯარიმა აიღეს და მაკს კიპერლემ ორივე საჯარიმო ააცილა, თუმცა… აცილებული სლოვენიელებმა მოხსნეს და ისევ ჯარიმა. ლუკას ბოიოვიჩმა 2-დან 1 ჩააგდო და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირა.

ჩვენს ნაკრებში საუკეთესო იყო ილია სულაძე, რომელმაც 32 წუთში 20 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა. 14 ქულა და 5 პასი მიითვალა მათე ხატიაშვილმა, რომელმაც მოედანი პერსონალურების ლიმიტის გამო დატოვა. 8 ქულა საბა ჟღენტმა დააგროვა, ხოლო ირაკლი ქარდავა უნივერსალურად სარგებლიანი იყო 5 ქულით, 13 მოხსნითა და 6 დაფარებით. 

ჩვენს ჯგუფში გამართული მეორე მატჩში საფრანგეთმა 74:49 დაამარცხა პოლონეთი. აღსანიშნავია, რომ ზუსტად ამ ანგარიშით მოუგო საფრანგეთმა გუშინ საქართველოსაც. ჩვენი ნაკრები ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს პოლონეთთან 11 აგვისტოს გამართავს და თუკი მოუგებს, ჯგუფში მე-3 ადგილს დაიკავებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მერვედფინალში ჩვენი მეტოქე C ჯგუფში (იტალია, საბერძნეთი, ისრაელი, ხორვატია) მე-2 ადგილზე გასული გუნდი იქნება. გათამაშების ფორმატის თანახმად, ჯგუფის ყველა წევრი მერვედფინალში გადადის და ჯვარედინად უწყვილდება მომდევნო ჯგუფის გუნდებს. 

მერვედფინალში გამარჯვებული 8 გუნდი ბრძოლას საპრიზო ადგილებისთვის განაგრძობს, ხოლო დამარცხებული 8 გუნდი 9-16 ადგილებს გაითამაშებს. თითოეული ადგილის გათამაშება იმისთვისაა საჭირო, რომ გამოვლინდეს ის ბოლო 3 გუნდი (14, 15 და 16), რომლებიც B დივიზიონში ჩაინაცვლებენ.