საქართველოს U16 ნაკრებმა ევროპის ლიგის II წრე 4 მოგებითა და 1 მარცხით დაასრულა

საქართველოს U16 ნაკრებმა ევროპის ლიგის II წრე 4 მოგებითა და 1 მარცხით დაასრულა

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ახალგაზრდული ლიგის მე-2 წრე გამარჯვებით დახურა. ბოლო, მე-5 შეხვედრაში ქართველები შვედურ კლუბ Fryshuset-ს დაუპირისპირდნენ და მეტოქე 57:50 (სტატისტიკა) დაამარცხეს. შედეგად, ნიკა ცინცაძის, ლევან ტყეშელაშვილისა და ნიკა ბურჯანაძის გაწვრთნილ ჩვენს გუნდს რიგაში ჩატარებული მე-2 წრის ფარგლებში 4 გამარჯვება და 1 მარცხი დაუგროვდა. 

სკანდინავიელებთან მატჩში საუკეთესო მათე ყავლაშვილი იყო, რომელიც წინა მატჩებშიც გამოირჩეოდა და ზოგადად, ჩვენი გუნდის გამორჩეული ლიდერია. მათემ 19 ქულა, 6 ჩაჭრა, 2 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. ასევე შედეგიანად ითამაშა საქართველოს 16-წლამდელთა კიდევ ერთმა წამყვანმა მოთამაშემ, ირაკლი ქარდავამ, რომელმაც 14 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა. ლუკა თოდუას ანგარიშზე 8 ქულა დაგროვდა. 

შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიგის მიმდინარე გათამაშებაში საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებს მთლიანობაში 7 გამარჯვება და 3 მარცხი აქვს. პირველ წრეში, რომელიც გასული წლის 2-5 ნოემბერს ესტონეთის ქალაქ ტარტუში ჩატარდა, ნიკა ცინცაძის გაწვრთნილმა გუნდმა 5 შეხვედრიდან 3-ის მოგება მოახერხა.

მესამე და ბოლო წრე 29 თებერვლიდან 3 მარტის ჩათვლით, ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში ჩატარდება.