საქართველოს U16 ნაკრებმა პოლონეთს მეორედაც მოუგო ელიტარულ – A დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა

საქართველოს U16 ნაკრებმა პოლონეთს მეორედაც მოუგო ელიტარულ – A დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა პოლონეთი 75:57 (სტატისტიკა) გაანადგურა და ამ ასაკში ევროპის ჩემპიონატის ელიტარულ, А დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა. ეს მოხდა დღეს, საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, სადაც ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირი მიმდინარეობს და რამდენიმე საათში ჩემპიონი გამოვლინდება. ფინალში ესპანეთი საფრანგეთს დაუპირისპირდება. 

ჩვენი ფინალი კი ცოტა ხნის წინ დასრულდა. მოგეხსენებათ, ასაკობრივ ჩემპიონატებზე ყველა ადგილი თამაშდება, რადგან პრიზიორებთან ერთად გამოსავლენია ის 3 გუნდი, რომლებიც B დივიზიონში დაქვეითდებიან. ელიტას ფინალური ეტაპის 16 მონაწილიდან 3 უარესი შედეგის მქონე ნაკრები ტოვებს და ესენი ბულგარეთი, ხორვატია და პოლონეთი არიან.

საქართველომ გუშინ ხორვატია დაამარცხა და B დივიზიონში დააქვეთა, დღეს კი მე-13 ადგილისთვის მატჩში პოლონეთს დაუპირისპირდა. ნიკა ცინცაძის, ნიკა ბურჯანაძისა და ლევან ტყეშელაშვილის გაწვრთნილმა საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებს მიმდინარე ჩემპიონატზე პოლონეთი ერთხელ უკვე დამარცხებული ჰყავდა, როცა ჯგუფურ ეტაპზე დაძაბულ ბრძოლაში 67:62 სძლია. მაშინ საქართველო მესამე პერიოდის შემდეგ 6 ქულით აგებდა და მძლავრი ბოლო პერიოდის შემდეგ (20:9) მეტოქე დაამარცხა. ამჯერად კიდევ უფრო კარგი დასკვნითი ათწუთეულის შემდეგ ქართველებმა პოლონეთი უფრო დამაჯერებლად – 18 ქულით დაამარცხეს და A დივიზიონში ადგილი შეინარჩუნეს.

საქართველოს ნაკრებმა ერთიანი ძალებით, გუნდური ძალისხმევით მოიგო, თუმცა აუცილებლად გამოსარჩევია ჩვენი გამთამაშებელი, მათე ხატიაშვილი, რომელმაც ძალიან შედეგიანად ითამაშა. მათეს ანგარიშზე საბოლოოდ 28 ქულა, 13 მოხსნა, 4 პასი და 2 ჩაჭრა დაგროვდა. წინა მატჩის საუკეთესო მათე ყავლაშვილმა ამჯერად 11 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი მიითვალა.

ხატიაშვილი მუდამ მომართული იყო მეტოქის სამწამიანში შეჭრაზე და მას ილია სულაძე და ირაკლი ქარდავა კარგად აზღვევდნენ, რომლებიც ფარქვეშ საიმედოდ მოქმედებით ჩვენს გუნდს განმეორებითი შეტევებს ჩუქნიდნენ. სულაძემ 11 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასი მიითვალა, ხოლო ქარდავას ანგარიშზე 6 ქულა, 8 მოხსნა და 3 პასი დაგროვდა.

საქართველოს მხოლოდ პირველ პერიოდში გაუჭირდა, სანამ თამაშს დაალაგებდა. მეორე ათწუთეული ქართველებმა 17:12 მოიგეს და დიდ შესვენებაზე 3-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ. მესამე პერიოდი თანაბარი გამოდგა და დადგა გადამწყვეტი მეოთხედი, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა 26:11 დაჯაბნა პოლონეთი და დამაჯერებელი გამარჯვებით პროგრამა მინიმუმი შეასრულა – A დივიზიონში დარჩა და მომავალ წელს კვლავ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, 16 საუკეთესოს შორის იქნება.

მთლიანობაში, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 7 მატჩი გამართა, საიდანაც 3-ში გამარჯვება მოიპოვა.