საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების საამაყო გამარჯვება სტამბოლში, თურქეთის ნაკრებთან. გია კაზანჯიანისა და გელა წულაძის გაწვრთნილი გუნდი სტამბოლის საერთაშორისო ტურნირზე იმყოფება, სადაც ევროპის ჩემპიონატის ელიტარული – A დივიზიონისთვის ემზადება. ქართველებმა ტურნირის პირველ მატჩში საბერძნეთთან ბრძოლაში – 79:85 წააგეს, დღეს კი მასპინძელ თურქეთს დაძაბულ ბრძოლაში – 64:61 მოუგეს და ხვალ ესტონეთის ძლევის შემთხვევაში, ტურნირის მოგების შანსი გააჩნიათ.
საქართველოს ნაკრების გამარჯვება ორმაგად დასაფასებელია იმის გათვალისწინებით, რომ თითქმის უიმედო სიტუაციაში ჩავარდნილებმა, ვითარების გამოსწორება, შეხვედრის შემობრუნება და გამარჯვების მოპოვება მოახერხეს. მართალია, მატჩის პირველი ნახევრის შემდეგ ქართველები 30:25 იგებდნენ, თუმცა კაზანჯიანის გუნდმა მე-3 ათწუთეული ჩააგდო, ძალიან წარუმატებლად ითამაშა და 4:29 წაგებული პერიოდის შემდეგ 20 ქულით ჩამორჩა. საქართველოს ნაკრებმა ეს წარუმატებლობა არაფრად ჩააგდო. ბოლო პერიოდში მოედანზე საბრძოლველად და მოსაგებად შემართული გავიდა. ნაკრების თითოეულმა წევრმა ბოლომდე, თავდაუზოგავად იბრძოლა, დასკვნითი მეოთხედი ქართველებმა 30:7 მოიგეს და საბოლოო, საამაყო გამარჯვებაც გაიფორმეს – 64:61.
ქართველებმა გუნდურად ითამაშეს. მიუხედავად მცირე ანგარიშისა, 4 კალათბურთლი ასცდა 10-ქულიან ზღვარს. საუკეთესო გახდა ალექსი მერკვილაძე, რომელმაც 15 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა. 12-12 ქულა ნიკოლოზ გაფრინდაშვილისა და ირაკლი კილაძის ანგარიშზე დაგროვდა. ზურა ვაშაკიძემ შეხვედრა 10 ქულითა და 6 მოხსნით დაასრულა.
ტურნირის პირველ დღეს თურქეთმა 1 ქულით აჯობა ესტონეთს, დღევანდელი ესტონეთი-საბერძნეთი კი ჯერ არ დასრულებულა. ბოლო ტურში, 15 ივლისს, საქართველო ესტონეთს ეთამაშება და გამარჯვების შემთხვევაში, ტურნირის მოგების შანსი აქვს. აქვე დავძენთ, რომ ამხანაგური ტურნირის მოგება ჩვენი ნაკრების თვითმიზანი არ გახლავთ.კაზანჯიანის გუნდმა თურქეთის ძლევით უდიდესი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა და ქართველ გულშემატკივარსა და უპირველესად, საკუთარ თავს დაანახა, რომ ევროპის საუკეთესო 16 გუნდს შორის ადგილის შენარჩუნების ძალა ნამდვილად შესწევს. შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირი – იგივე A დივიზიონი – 10-18 აგვისტოს სერბეთის ქალაქ ნოვი სადში გაიმართება, სადაც კონტინენტის საუკეთესო 16 ნაკრები მოიყრის თავს. საქართველო ჯგუფში საფრანგეთთან, ესტონეთთან და იტალიასთან მოხვდა. ჯგუფის ოთხივე წევრი მერვედფინალში გადის. ტურნირის ბოლო – მე-14, მე-15 და მე-16 ადგილებზე გასული გუნდები B დივიზიონში დაქვეითდებიან.
თურქეთი – საქართველო 61:64
13:12, 12:18, 29:4, 7:30
საქართველო: სასტარტო ხუთეული – კაპანაძე (5წ), ვაშაკიძე (21წ, 10ქ, 6მ), მერკვილაძე (26წ, 15ქ, 13მ, 2ჩ), კილაძე (26წ, 12ქ, 3მ), შარვაშიძე (10წ); სვანი (7წ), კობახიძე (10წ), კიშკო (30წ, 5ქ, 5მ, 4პ), ნუცუბიძე (4წ, 1ქ), გაფრინდაშვილი (20წ, 12ქ, 2ჩ), გოგბერაშვილი (5წ), ბიგანაშვილი (13წ, 3ქ), ხუციშვილი (6წ, 3მ), თავაქარაშვილ (18წ, 6ქ, 2პ)
შენიშვნა: წ – წუთი, ქ – ქულა, მ – მოხსნა, პ – პასი, ჩ – ჩაჭრა