საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის B დივიზიონში ასპარეზობა დამაჯერებელი გამარჯვებით გახსნა. კოტე ტუღუშისა და ძმები – დავით და სანდრო ნოზაძეების გაწვრთნილმა გუნდმა D ჯგუფის პირველ ტურში ალბანეთის ნაკრები 26 ქულით სხვაობით – 97:71 (სტატისტიკა) დაამარცხა.
ჩვენმა ბიჭებმა მეტოქე მე-3 პერიოდში გატეხეს და მატჩის ბედი ნაადრევად გადაწყვიტეს. პირველ და მეორე პერიოდებში ქართველები ლიდერობას ფლობდნენ, თუმცა საიმედოდ წინ გაჭრას ვერ ახერხებდნენ. პირველი პერიოდი საქართველომ 22:15 მოიგო, მეორეში ლიდერობა 8 ქულამდე გაზარდა და დიდ შესვენებაზე ყველაფერი შეიცვალა.
უფრო ზუსტად, შესვენებაზე, მწვრთნელების მიერ დაიგეგმა ის ტაქტიკა, რომელიც მესამე პერიოდიდან ამოქმედდა და თამაშის სცენარი შეცვალა და ბედი გადაწყვიტა. საქართველოს ნაკრებმა მეტოქე 31:9 გაანადგურა და ბოლო პერიოდის წინ 30 ქულით დაწინაურდა. ყველაფერიც აქ გადაწყდა, ბოლო პერიოდმა სპორტული ინტერესი დაკარგა და ჩვენს მწვრთნელებს მოთამაშეთა სხვადასხვა კომპონენტში გამოცდის საშუალება მიეცა.
საბოლოოდ თამაში 26-ქულიანი სხვაობით დასრულდა, რამაც საქართველოს ნაკების მინიმუმ ჯგუფიდან გასვლის ამბიციებს მეტი სიმტკიცე შემატა. ჩვენს ნაკრებში საუკეთესო შედეგიანობა ბაქარი ბერეკაშვილმა და 16 წლის ავთანდილ ბახტაძემ დააფიქსირეს. ბახტაძე თავის გამორჩეული პერსპექტიულობის გამო ეროვნულ ნაკრებთან მთელი მოსამზადებელი შეკრება იმყოფებოდა და ქვეყნის უპირველეს გუნდში მისი დებიუტიც (კამერუნთან) შედგა.
ბახტაძემ ალბანეთთან მოგებულ შეხვედრაში 13 ქულა, 8 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ის მეტსაც შეძლებდა, 5 პერსონალური რომ არ მიეღო. ბერეკაშვილმა 14 ქულა, 7 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა.გამოირჩა ლუკა ალავიძე, რომელმაც 9 ქულა, 7 პასი და 4 მოხსნა მიითვალა, გეგა წულაიას და ანრი ბელთაძის ანგარიშზე კი 11-11 ქულა დაგროვდა.
ჩვენს ჯგუფში გამართულ მეორე შეხვედრაში მასპინძელმა რუმინეთმა დაძაბულ ბრძოლაში – 73:71 დაამარცხა ესტონეთი. საქართველო მეორე ტურში, 13 ივლისს, სწორედ რუმინეთს შეხვდება და ეს მატჩი ჯგუფიდან გასვლის ჭრილში უაღრესად მნიშვნელოვანია. გამარჯვებული ფაქტობრივად გაინაღდებს პლეი ოფის საგზურს. მატჩი რუმინეთის ქალაქ პიტეშტში თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.