საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მეოთხედფინალშია. რუმინეთის ქალაქ პიეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის ბოლო, მეოთხე მატჩში ესტონეთის ნაკრები გაანადგურა და ჯგუფიდან გავიდა. კოტე ტუღუშისა და ძმების – დავით და სანდრო ნოზაძეების გაწვრთნილმა გუნდმა მხოლოდ 1 მატჩში წააგო, მასპინძელ რუმინეთთან (76:86) და მის შემდეგ ჯგუფში მე-2 გამსვლელი ადგილი დაიკავა.
ესტონეთს მატჩამდე საქართველოს ანალოგიური შედეგი – 2 მოგება და 1 მარცხი ჰქონდა. ბალტიისპირელებმაც მასპინძლებთან, ოღონდ მართლაც დაძაბულ ბრძოლაში – 70:73 წააგეს და საქართველოსთან მატჩში მოგება სჭირდებოდათ. ასევე იყო ჩვენი გუნდიც, რომელიც ყოფნა-არყოფნის მატჩს ბევრად მომზადებული და მობილიზებული შეხვდა. საქართველომ ესტონეთი საბოლოოდ 37 ქულის სხვაობით – 97:60 დაამარცხა და ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა. პირველი რუმინეთია, რომელიც ბოლო ტურში ბულგარეთს ეთამაშება და რომც წააგოს, საქართველოს პირადი მოგების ხარჯზე გაუსწრებს.
საქართველოს ნაკრებმა მეტოქე მეთოდურად, ნაბიჯ-ნაბიჯ დაჯაბნა. პირველი პერიოდის შემდეგ ტუღუშის გაწვრთნილი გუნდი 24:18 იგებდა, დიდი შესვენების შემდეგ კი 41:29 დაწინაურდა. ქართველებმა მეტოქე მესამე პერიოდში საბოლოოდ გატეხეს, როცა ათწუთეული 25:15 მოიგეს და თამაშის ბედი სათავისოდ გადაწყვიტეს. ბოლო მეოთხედმა აზრი დაკარგა. ქართველები არ მოეშვნენ და ბალტიისპირელებს საბოლოოდ გამანადგურებელი მარცხი აგემეს.
ჩვენს გუნდში ორმაგი დუბლით გამოირჩა გიორგი სულაბერიძე (21 ქულა, 12 მოხსნა), 20 ქულა და 9 მოხსნა ჰქონდა ათუკა ბახტაძეს, გიორგი ოჩხიკიძემ 15 ქულა, 7 პასი და 6 მოხსნა დააგროვა.
მეოთხედფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე ხვალ გაირკვევა, როცა C ჯგუფში თამაშები დასრულდება. 1-2 ადგილისთვის უნგრეთი, შვედეთი და უკრაინა იბრძვიან და რომელიც პირველ ადგილს დაიკავებს, საქართველოსაც ის შეხვდება.