საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ოლიმპიადის საგზურისთვის ბრძოლა დაასრულა. ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილმა გუნდმა საკვალიფიკაციო ტურნირის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში ფილიპინები 96:94 დაამარცხა, მაგრამ ეს გამარჯვება საკმარისი არ აღმოჩნდა. ჯგუფში სამივე გუნდმა – ლატვიამ, ფილიპინებმა და საქართველომ თანაბარი ქულები დააგროვეს და ყველაფერი ბურთების შეფარდებამ გადაწყვიტა, რომელიც საუკეთესო ლატვიას აღმოაჩნდა, მეორე ადგილზე კი ფილიპინები გავიდა.
საქართველოს ნაკრებმა იცოდა რაოდენობა, რამდენით გამარჯვება იყო საჭირო ნახევარფინალში გასასვლელად. იმის გამო, რომ ფილიპინებმა ლატვიას 9 ქულით მოუგო, ქართველებს 19 ქულით გამარჯვება სჭირდებოდათ და ამას ახერხებდნენ კიდეც. საქართველომ თამაში 14:0 გაქცევით დაიწყო, პირველი პერიოდი 28:17 მოიგო, ხოლო მეორე ათწუთეულში 20 ქულით – 40:20 იგებდა.
ქართველებმა პროგრამა მინიმუმი ნაადრევად შეასრულეს და მთავარი ამ ლიდერობის შენარჩუნება იყო. ფილიპინები არ გახლდათ ურიგო გუნდი და აღებული წუთშესვენებებისა და ათწუთეულებსშორის პერიოდში თამაში დაალაგა. ჯასტინ ბრაუნლიმ აიწყვიტა და თანაგუნდელებიც აიყოლია. საქართველოს ნაკრებია წევრებმა უმაღლეს დონეზე დაცვის თამაში ვერ შეძლეს, მცირე ყურადღების მოდუნება კი სამქულიანების სეტყვად დაუჯდათ.
როცა თორნიკე შენგელია მოედანზე იყო, საქართველოს ნაკრების დაცვაში საქმე კარგად მიდიოდა. თოკო დაზიანებული კუნთით თამაშობდა და მოედანზე შეუცვლელად ყოფნა ფიზიკურად არ შეეძლო. დაცვის ერთ-ერთი ბურჯი იყო გოგა ბითაძე, რომელმაც გაცილებით მეტჯერ დააფარა მეტოქეებს, მაგრამ ოქმში 4 ბლოკ-შოტი უწერია. სანდრო მამუკელაშვილი შეტევაში ყველაზე შედეგიანი იყო და 5-ივე ორქულიანი ჩააგდო, რასაც 9-დან 5 სამიანი მოაყოლა და ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა – 26 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი, 3 ჩაჭრა.
საქართველოს ნაკრების 20-ქულიანი ლიდეორობიდან დიდი შესვენებისთვის 12 დარჩა, რაც იმედს იძლეოდა, თუმცა მესამე პერიოდში ხელახალი ძალით აიწყვიტა ბრაუნლიმ, რომელსაც დუაიტ რამოსიც აჰყვა და ფილიპინელებმა 13:0 გაქცევა მოგვიწყვეს. მესამე პერიოდი აზიელებმა 31:19 მოიგეს, ანგარიში გაათანაბრეს და ყველაფერი ცხადი გახდა. საქართველოს ნაკრებს ბოლო პერიოდში 19 ქულით მოგება სჭირდებოდა, თუმცა მხოლოდ 2 ქულით იმარჯვა, რაც თამაშის მოგებას ეყო, ნახევარფინალში გასვლას – არა.
მეორე ჯგუფში კამერუნმა ბრაზილია დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. წყვილები კი ასეთია: ლატვია – კამერუნი, ბრაზილია – ფილიპინები. საქართველო და მონტენეგრო ნახევარფინალს მიღმა დარჩნენ. ჯგუფურ ეტაპზე ექვსივე გუნდმა თითო მოიგო და თითო წაგება განიცადა.