საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს ფინეთს დაუპირისპირდება, რითაც დასრულდება ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპი. აღნიშნული ტურნირის დაწყებამდე ცნობილი იყო, რომ ილიას ზუროსის გაწვრთნილ საქართველოს ევრობასკეტის საგზური მისი მასპინძლობის გამო მოპოვებული ჰქონდა, თუმცა ქართველებმა საწყისი 4 მატჩი მოიგეს და ევრობასკეტზე გამსვლელ I ან II ადგილზე გასვლა ადრიანად გაინაღდეს.
ზუროსის გუნდმა საკვალიფიკაციოში პირველი მარცხი 2 დღის წინ, სერბეთთან განიცადა, თუმცა დღეს, ფინეთთან გამარჯვების შემთხვევაში, ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკაციო ტურნირის E ჯგუფს პირველ ადგილზე დახურავს. ფინელებმა თბილისური “ბაბლის” ფარგლებში 19 თებერვალს შვეიცარია დაამარცხეს, შესაბამისად, შვეიცარია ჯგუფში ჩარჩა. დღევანდელ მატჩებს მხოლოდ სარეიტინგო მნიშვნელობა აქვს, რადგან ჩვენი ჯგუფიდან ევრობასკეტზე გამსვლელი გუნდების ვინაობა ცნობილია: საქართველო, სერბეთი და ფინეთი.
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ძირითად შემადგენლობაში ცვლილებები განახორციელა. პირველი იძულებით: ტრავმირებული კონერ ფრენკამპი ვერ ითამაშებს. 12-კაციან განაცხადში 2 უკანახაზელი ჩაჯდა – ლუკა ზაქრაძე და კახა ჯინჭარაძე.
გივი ბაქრაძე, ლუკა ზაქრაძე, დუდა სანაძე, საბა ლობჯანიძე, მერაბ ბოქოლიშვილი, მიხეილ ბერიშვილი, კახა ჯინჭარაძე, ალექსანდრე ფევაძე, ბექა ბურჯანაძე, ბექა ბექაური, გიორგი კორსანტია, გიორგი შერმადინი
ფინეთის ნაკრებში წინა მატჩისგან განსხვავებით არ ითამაშებს ცნობილი ვეტერანი პეტერი კოპონენი.
მიკო კოივისტო, ალექს მერფი, შონ ჰუფი, სასუ სალინი, მატი ნუტინენი, ჰენრი კანტონენი, ელიას ვალტონენი, თორ ბიერეგარდი, ედონ მაქსჰუნი, ერიკ მერფი, ილარი სეპალა, დანიელ დოლენცი
საქართველოსა და ფინეთის მატჩი თბილისის სპორტის სასახლეში დღეს, 21 თებერვალს, 19:00 საათზე დაიწყება. რეგულაციების გამო მაყურებელთა დასწრება აკრძალულია. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი განახორციელებს.
გთავაზობთ დღევანდელი, დილის მოთელვითი ვარჯიშის კადრებსა და მჩვენი ნაკრების წევრთა კომენტარებს