საშემოდგომო სერიის 3x3Fall2022-ის მორიგი ტურნირი Biodrone-მ ბროლაში მოიგო

საშემოდგომო სერიის 3x3Fall2022-ის მორიგი ტურნირი Biodrone-მ ბროლაში მოიგო

გრძელდება შემოდგომის საკალათბურთო თამაშები სახელწოდებით 3x3Fall2022. ნოემბრის დასაწყისში გოგონათა ტურნირი გაიმართა, ამჯერად კი თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ სრულწლოვან ვაჟთა ტურნირს უმასპინძლა, რომელშიც თავი 12-მა გუნდმა მოიყარა. 

პირველ ეტაპზე საინტერესო მატჩები გაიმართა და პლეი ოფში 4 ჯგუფის გამარჯვებული გავიდა. Biodrone-მ პირველ ნახევარფინალში 17:9 სძლია GBA-ს, ხოლო ძინამომ უფრო დამაჯერებლად – 20:9 მოუგო EAGLE-ს.

ფინალური მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა. ქულა-ქულაში მიმდინარე მატჩი დასასრულსაც თანაბარი იყო. ძინამოელებს, რომლის ღირსებასაც ალექსანდრე მაისურაძე, ნიკა ქოზაშვილი, გაგი მღებრიშვილი და ლევან ფირცხელიანი იცავდნენ, გამარჯვების შანსი ჰქონდათ, მაგრამ 20:19 დაწინაურებულებმა შორი სროლით (ორქულიანით) დააპირეს მოგება, მაგრამ მიზანში ვერ გაარტყეს. ბურთი მეტოქეს დარჩა და ბაჩი ალიბეგაშვილმა შორი სროლით Biodrone-ს 22:21 მოაგებინა. ალიბეგაშვილთან ერთად ჩემპიონი გუნდის ღირსებას გიორგი ჩხეიძე, ლუკა ხარაბაძე და ლუკა მეგრელაძე იცავდნენ.

გამარჯვებულ Biodrone-ს საპრიზო ფონდიდან 500 ლარი შეხვდა, ხოლო ძინამოს 200-ლარიანი ვაუჩერი გადაეცა. პრიზიორები კალათბურთის ეროვნულ ფედერაციაში 3×3 კალათბურთის განყოფილების ხელმძღვანელმა, გიგა გურგენიძემ დააჯილდოვა. 

მომავალ კვირაში 3x3Fall2022-ის მორიგი ტურნირი გაიმართება 18-წლამდე ვაჟებს შორის.