კვირას 2008–09 წლების სეზონის ბოლო მატჩია. კალათბურთის ფედერაცია ბოლო ტიტულს – ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასს ათამაშებს, რომელშიც ერთმანეთს ახლახან გაჩემპიონებული „ენერჯი–ინვესტი“ და „ავიამშენი“ შეხვდებიან. აქამდე ამ სეზონში რამდენი ტიტულიც გათამაშდა, ყველა რუსთაველებმა მოიგეს და დავით უსტიაშვილის „ენერჯი–ინვესტი“ სუპერთასის მოპოვებასაც შეეცდება, რითაც პირველი გუნდი გახდება, რომელმაც ერთ სეზონში ყველა ტიტული მოიგო. როგორც წესი, სუპერთასს ჩემპიონი და თასის მფლობელი ეცილება ხოლმე, თუმცა როცა ორივე ამ ტიტულს ერთი გუნდი ფლობს, მას მეტოქედ თასის ფინალისტი ერგება. „ენერჯი–ინვესტმა“ თასის ფინალში „ავიამშენი“ დაამარცხა და სუპერთასიც ამ გუნდებს შორის გათამაშდება. შარშანაც ეს გუნდები შეხვდნენ ერთმანეთს სუპერთასისთვის მატჩში და მაშინ გამარჯვება რუსთაველებს დარჩათ. საერთოდ კი სუპერთასი მეოთხედ თამაშდება – პირველად, 2006 წელს, ეს ტიტული „თსუ–ნიკორამ“ „ავიამშენს“ მოუგო, ხოლო ბოლო 2 წელია, სუპერთასს რუსთაველები ფლობენ. დღეს, ტოტალიზატორ „აჭარაბეთში“ სუპერთასისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართა, რომელზეც ორივე გუნდის წარმომადგენლებმა საკუთარი პოზიცია და ვარაუდები დააფიქსირეს.
ლევან ჩალისური, “ავიამშენის” დირექტორი:
“თბილავიამშენს” საქართველოში ყველა ჯილდო აქვს მოგებული სუპერთასის გარდა. წლეულს ბრინჯაოს მედალსაც გავუსინჯეთ გემო და ახლა მაქსიმალურად ვეცდებით, რომ კოლექცია სრულად შევავსოთ. გუნდში საბრძოლო განწყობაა. მოთამაშეებს მხოლოდ მსუბუქი ტრავმები აწუხებთ და შემიძლია გითხრათ, რომ სუპერთასის მატჩს არავინ დააკლდება. რეგულარული პირველობის დასრულების შემდეგ, მხოლოდ ერთი დღე დავისვენეთ, მერე კი, სრული დატვირთვით ვვარჯიშობდით”.
დავით უსტიაშვილი, “ენერჯი–ინვესტის” მთავარი მწვრთნელი:
“ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შემდეგ, ორი დღე დავისვენეთ, ვიზეიმეთ, მერე კი, სუპერთასისთვის მზადებას შევუდექით. ტრავმირებულნი არც ჩვენ გვყავს და ყველა ის კალათბურთელი ითამაშებს, რომლებიც სეზონის განმავლობაში გუნდისთვის ირჯებოდნენ. მართალია, “თბილავიამშენი” ჩემპიონატის ნახევარფინალში დავამარცხეთ, მაგრამ როდესაც ყველაფერს მხოლოდ ერთი თამაში წყვეტს, გამორიცხული არაფერია და ამიტომ, მძიმე ბრძოლა გველის. “ენერჯი-ინვესტის” მთავარი მიზანი ჩემპიონობის მოპოვება იყო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სპორტულ პრინციპს ვუღალატებთ. შევეცდებით, სუპერთასი ზედიზედ მესამედ მოვიპოვოთ”.
კოტე ტუღუში, “ენერჯი–ინვესტის” კაპიტანი:
“სეზონის დაწყების წინ ვიცოდით, თუ როგორი კალენდარი გვექნებოდა და კარგად გვქონდა გაცნობიერებული, რომ ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ, ბრძოლა სუპერთასისთვის მოგვიწევდა. ასე რომ, კარგად ვართ მომზადებული და შევეცდებით, ჯილდო მესამედ მოვიგოთ, ხოლო წელს მეხუთე ტიტულს დავეუფლოთ”.