წარუმატებელი გამოდგა იტალიის სერია A-ს მორიგი ტური ქართველი კალათბურთელებისთვის. ორივეს გუნდმა წააგო, თუმცა უფრო არასასიამოვნო ისაა, რომ მანუჩარ მარკოიშვილი მოედანზე არ გამოჩენილა (განაცხადშიც არ ყოფილა), ხოლო ვიქტორ სანიკიძემ 28–წუთიანი თამაში უქულოდ დაასრულა.
ამას წინათ მანუჩარ მარკოიშვილმა ჩვენს ვებ–გვერდთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ტრავმა აწუხებდა და მოედანზე გამაყუჩებლების დახმარებით გადიოდა. „კანტუს“ ვებ–გვერდზე და იტალიურ ინტერნეტ–პრესაში კონკრეტული ვერაფერი ვნახეთ, რომელიც ქართველი ფორვარდის უთამაშებლობის მიზეზს გვამცნობდა. მარკოიშვილის არყოფნაში კი კანტუელებმა ტრევიზოში „ბენეტონთან“ დაძაბულ ბრძოლაში – 84:88 წააგეს. მიუხედავად წაგებისა, „კანტუმ“ სერია A-ში მეორე ადგილი შეინარჩუნა.
მანუჩარ მარკოიშვილი (#9)
რაც შეეხება სანიკიძის, მისი გუნდი – „კანადიან სოლარი“ რომში 69:80 დამარცხდა „ლოტომატიკასთან“. ქართველი ფორვარდი ხუთეულში იყო და მოედანზე 28 წუთი დაჰყო. სანიკიძემ სამივე ღირებულების სროლა (ორქულიანი, სამქულიანი და საჯარიმო) ორ–ორჯერ შეასრულა, თუმცა მიზანს ვერც ერთმა ვერ მიაღწია. ვიქტორმა 7 მოხსნა, 2 ჩაჭრა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა.
რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე სანიკიძის გუნდს პლეი ოფს მიღმა დარჩენის სერიოზული საფრთხე დაემუქრა. მართალია, ბოლონიელები ცხრილში მე–8 ადგილზე (8 საუკეთესო გადის) არიან, თუმცა მეშვიდე და მეცხრე ადგილებზე მყოფ გუნდებსაც „კანადიან სოლარის“ დარად 28 ქულა აქვთ.