სერია A-ს “ქართული დერბი” შერმადინ–მარკოიშვილის გამარჯვებით დასრულდა

სერია A-ს “ქართული დერბი” შერმადინ–მარკოიშვილის გამარჯვებით დასრულდა

იტალიის სერია A-ში გამართული „ქართული დერბი“ მეტად საინტერესო გამოდგა. გასულ ტურში ლიდერ „სიენას“ მძლეველი ვიქტორ სანიკიძის „კანადიან სოლარი“ გიორგი შერმადინისა და მანუჩარ მარკოიშვილის „კანტუს’ ესტუმრა. ორივე გუნდი ცხრილში საკმაოდ დაწინაურებულები არიან და ქართველ გულშემატკივრებთან ერთად სრულიად იტალიის ინტერესიც დიდი იყო. შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა. საბოლოოდ კი მასპინძლებმა იმარჯვეს, რაშიც ქართველმა კალათბურთელებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.
ბოლონიელებმა პირველი მეოთხედი 19:11 მოიგეს და მოპოვებული უპირატესობა დიდი შესვენებისთვისაც შეინარჩუნეს – 36:33. „კანტუმ“ შეხვედრაში გარდატეხა მესამე მეოთხედში შეიტანა, რომელიც 14 ქულის სხვაობით: 31:17 მოიგო და გადამწყვეტი ათწუთეულის წინ გალიდერდა – 64:53. ბოლო პერიოდში ბოლონიელებმა ძალა მოიკრიბეს, დაწინაურებულ მასპინძლებს მიუახლოვდნენ კიდეც, თუმცა საბოლოო წარმატებამდე ცოტა დააკლდათ. „კანტუმ“ საბოლოოდ 78:72 იმარჯვა.
ქართველ კალათბურთელთაგან ყველაზე კარგი შედეგი გიორგი შერმადინს ჰქონდა, რომელიც კანტუელთა სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 24 წუთში 14 ქულა, 7 მოხსნა და თითო პასი–ჩაჭრა მოინაგრა. გიორგიმ თამაშიდან განხორციელებული ექვსივე სროლა ჩააგდო, რასაც 4–დან 2 საჯარიმო მოაყოლა.
შერმადინის თანაგუნდელი მანუჩარ მარკოიშვილი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, თუმცა მოედანზე მხოლოდ 6 წუთი გაატარა. ამ მცირე დროში მანუჩარმა 2–დან 1 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. 2 ქულას მარკოიშვილმა 2 ჩაჭრა და თითო პასი, მოხსნა და დაფარება მოაყოლა.
რაც შეეხება დამარცხებული გუნდის ქართველ ლიდერს, ვიქტორ სანიკიძეს, „AIR GEORGIA”-მ მოედანზე 32 წუთი გაატარა და ტრადიციულად ქცეულ ორმაგ დუბლამდე 2 ქულა და ამდენივე მოხსნა დააკლდა. წინა შეხვედრაში, „სიენასთან“, სანიკიძემ სარეკორდოდ ბევრი – 19 მოხსნა მიითვალა, თუმცა „კანტუსთან“ ჩვეულად ვერ იფრინა და 8 მოხსნას დასჯერდა. ეს პირადად სანიკისთვის ჩანს ცოტა, თორემ 8 მოხსნა ამ შეხვედრაში საუკეთესო შედეგი გახლდათ. მეორე საუკეთესო შედეგი შერმადინს ჰქონდა – 7. სანიკიძემ 4–დან 2 სამიანი და 2–დან 1 ორქულიანი ჩააგდო. 8 ქულასთან ერთად ვიქტორს 1 პასიც ჰქონდა.
ამ მატჩის შემდეგ ორივე გუნდი გათანაბრდა – „კანადიან სოლარსაც“ და „კანტუსაც“ 10 გამარჯვება და 6 მარცხი აქვთ და სერია A-ს ცხრილში III-IV ადგილებს იყოფენ. მომდევნო ტურში, 22 იანვარს, „კანადიან სოლარი“ „რომას“ ესტუმრება, ხოლო „კანტუ“ „ვანოლის“ უმასპინძლებს.

სანიკიძის ეფექტურ გდებას შერმადინმა მხოლოდ თვალი გააყოლა