შესაძლოა, მთელმა სეზონმა ისე ჩაიაროს, ესეთი დაძაბული მატჩი ერთიც არ გამოერიოს. სუპერლიგის მოქმედმა ჩემპიონმა თსუ-მ და კავკასიამ თბილისი არენაზე შეკრებილ გულშემატკივარს დაუვიწყარი მატჩი, უფრო ზუსტად წარმოდგენა შესთავაზა, რომელიც ორსაათნახევარზე მეტ ხანს გაგრძელდა.
დაძაბულობა და ოვერტაიმების რაოდენობა შესაძლოა შეხვედრას არ აკლდეს, თუმცა როცა ასეთი დრამა პლეი ოფის სერიის მე-5, გადამწყვეტ მატჩში თამაშდება, ეს სხვა განზომილებაა. ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი და თასის მფლობელი თსუ რეგულარულ ჩემპიონატში მე-7 ადგილზე გასული კავკასიის წინააღმდეგ. მეოთხედფინალური სერიის ანგარიში თანაბარი, 2:2-ია და ნახევარფინალის საგზური ბოლო, გადამწყვეტ მატჩზე ჰკიდია.
ბოლო მეოთხედის დასრულებამდე 4 წუთი რჩება, კავკასია თამაშს 10 ქულით იგებს და უტევს. ამერიკელი ლეგიონერი, ჯასტინ ფორესტი, რომელსაც 25 აპრილის არც ერთი სამედიცინო პროგნოზით არ უნდა ეთამაშა, თსუ-ს ფარქვეშ შედის. სანამ ფორესტის შეტევის ბედს გაგაცნობთ, მისი ფეხის ამბავს გეტყვით. ჩვენც დავწერეთ და ყველამ ნახა, როგორ მიიღო მან სერიის წინა მატჩში უმძიმესი ტრავმა და ჯერ ტკივილს ყვირილით ებრძოლა, შემდეგ კი ექიმებმა დიდი რუდუნებით გაიყვანეს მოედნიდან. ეს მოხდა პირველი ტაიმის ბოლო წუთებზე, როცა ფორესტს 17 ქულა ჰქონდა ჩაგდებული (ფაქტობრივად შეუჩერებელი იყო) და მის გარეშე დარჩენილმა კავკასიამ სერიის მე-4 მატჩი წააგო და საერთო ანგარიში გათანაბრდა – 2:2.
დღეს, სერიის გადამწყვეტი მატჩის დაწყებისას, ფორესტი მოსათელად მოედანზე რომ გამოვიდა, ბევრმა გაიკვირვა. 25 აპრილს, როცა მან მძიმე ტრავმა მიიღო, ვერავინ იფიქრებდა, თუ ის შემდეგ, თუნდაც 3 დღეში ჩასატარებელ მატჩში ითამაშებდა. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ფორესტმა ითამაშა და ეს თავად მისი თუ ექიმების გმირობის ტოლფასია, მნიშვნელობა არ აქვს. ჯასტინი მოედანზე იყო არასრული 26 წუთი და კავკასიელთა წარმატებაშიც თავისი წილი მიუძღვის. რატომ გამოვარჩიეთ ფორესტის გარღვევა? მისი ნასროლი ბურთი თსუ-ს ფარზე დატრიალდა და ბოლო მომენტში რკალიდან ამოვარდა. ის ბურთი რომ ჩავარდნილიყო, კავკასიის ლიდერობა 12 ქულა ხდებოდა, რაც დარჩენილ სამიოდ წუთში ფაქტობრივად გაუბათილებელი სხვაობა იქნებოდა.
სწორედ ფორესტის შეტევის შემდეგ ჩააგდო ალექსანდრე ფევაძემ სამქულიანი და თსუ-ს მატჩის გადარჩენის შანსი მიეცა, რომელიც ბოლომდე გამოიყენა და ფორსირებული შეტევების, დიდებული დაცვისა და შეუპოვრობის ხარჯზე დაწინაურებაც მოახერხა. ძალიან ბევრი დრამატული ეპიზოდი გათამაშდა, რომელთა აღნუსხვაც წერილში დამღლელი წასაკითხი იქნება. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ ძირითადი დრო ფრედ – 80:80 დასრულდა და თამაში ოვერტაიმში გაგრძელდა.
თსუ-ს პერსონალურების გამო კახა ჯინჭარაძე, ხოლო კავკასიას – ილია ლონდარიძე გამოაკლდა. დამატებით ხუთწუთეულში ნერვების თამაში წავიდა. ხან ერთი გუნდი დაწინაურდებოდა, ხანაც – მეორე. ოვერტაიმის მიწურულს თსუ-მ დაცვაში კარგი თამაშით კავკასიელებს ზედიზედ 3 შეტევა გააცუდებინა, თავად კი საჯარიმოებით იხეირა და დასრულებამდე 12 წამით ადრე 3 ქულით – 89:86 დაწინაურდა. თსუ გამარჯვებასთან ახლოს იყო, მაგრამ 3-ქულიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. ჯავაუნ დენიელსმა სამქულიანით ანგარიში გაათანაბრა – 89:89. თსუ-მ წუთშესვენება აიღო და შეტევა კარგად დაგეგმა, თუმცა კავკასიას გაუმართლა – ნიკა ჩეჩლაშვილის გარღვევის შემდეგ ფარზე დატრიალებული ბურთი რკალში არ ჩაეშვა და მეორე ოვერტაიმი დაინიშნა.
თამაში ნიკოლოზ გაფრინდაშვილი შედეგიანი გარღვევით განახლდა, რასაც ორმხრივად გაცუდებული შეტევები მოჰყვა და ნოდარ გოგოძემ კავკასიის უკანახაზელ გრეგ ფარჰემზე ჯარიმა მიიღო, რომელიც მისთვის მე-5 აღმოჩნდა და მოედნის დატოვებისას გამოხატული მწვავე რეაქციის გამო ტექნიკურიც დაიმსახურა. ფარჰემმა სამივე საჯარიმო ჩააგდო და კავკასია 5 ქულით – 89:84 დააწინაურა. თსუ-ს რამდენიმე არაზუსტი შეტევისა და კავკასიელთა შედეგიანი პასუხის შემდეგ ანგარიშში სხვაობა 8 ქულამდე გაიზარდა – 98:90 მეორე ოვერტაიმის დასრულებამდე წუთნახევრით ადრე.
ყველაფერი ფაქტობრივად აქ გადაწყდა, თუმცა თსუ-მ კიდევ ერთხელ გაიბრძოლა – ტაირი ბოიკინის ზედიზედ მითვლილი 5 ქულის შემდეგ სხვაობა 3 ქულამდე შემცირდა. დარჩენილ ნახევარ წუთში კავკასიამ კიდევ ერთხელ გაიარა ბეწვის ხიდზე, როცა ლევან გოგიჩაიშვილის აცილების შემდეგ მეტოქის ფარზე ბურთი მისმა თანაგუნდელმა, ლუკა მაზიაშვილმა მოხსნა, თორემ დარჩენილ 10 წამში თსუ-ს ზუსტი სამქულიანით მესამე ოვერტაიმამდე მისვლა შეეძლო, თუმცა… საკვანძო მოხსნის შემდეგ, მაზიაშვილზე უმალ დაჯარიმდნენ და ლუკამ 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, რითაც კავკასიას გამარჯვება გაუნაღდა. დარჩენილ წამებში ბოიკინმა მაინც ჩააგდო სამქულიანი, რამაც შედეგი ვერ შეცვალა, თუმცა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 99:98 (სტატისტიკა).
მოქმედი ჩემპიონის დამარცხების მიზეზები არაერთია, თუმცა ერთ-ერთი მთავარი გუნდის მთავარი გამთამაშებლის დანაკლისია. თსუ-ს აკლდა გიორგი ცინცაძე, რომელმაც წინა მატჩში, ჯასტინ ფორესტის ზემოთნახსენებ ტრავმამდე თავისი მოთხოვნით დატოვა მოედანი და ფეხის ტკივილის გამო არათუ იმ მატჩში, დღევანდელ შეხვედრაშიც ვერ ითამაშა. კავკასიას კი აპლოდისმენტები – რომელმაც მიმდინარე ჩემპიონატის ყველაზე დრამატულ მატჩსა და მთლიანად სერიაში ფავორიტად მიჩნეულ თსუ-სთან იმარჯვა.
აქვე დავაფიქსიროთ, რომ მოქმედი ჩემპიონის პლეი ოფის პირველი წრიდან გავარდნა სუპერლიგაში მესამედ დაფიქსირდა – აქამდე ასეთი ამბავი ქუთაისს და რუსთავს შეემთხვა. თსუ-მ სეზონი ნაადრევად დაასრულა, კავკასია კი ნახევარფინალში გურჯაანის დელტას შეხვდება.