სერიის მე-7 გადამწყვეტი მატჩი: გავა სანიკიძე ნახევარფინალში?

სერიის მე-7 გადამწყვეტი მატჩი: გავა სანიკიძე ნახევარფინალში?

ვიქტორ სანიკიძის „სიენამ“ იტალიის ჩემპიონატის პლეი ოფში ანგარიში გაათანაბრა. მე-6 მეოთხედფინალურ შეხვედრაში სიენელებმა 72:66 იმარჯვეს და საერთო ანგარიში 3:3 გახდა. ისევე როგორც კიდევ 2 წყვილში, „სიენა“-„მილანის“ დაპირისპირებაშიც გამარჯვებულს მე-7, გადამწყვეტი შეხვედრა გაარკვევს.
 

სანიკიძე მილანელთა ფარს უტევს
 
ყველა გუნდმა საშინაო შეხვედრა მოიგო და თუ ამ ლოგიკით გაგრძელდა, ახლა მილანელების მოგების ჯერია. თუმცა იტალიის მოქმედი ჩემპიონები რომ 22 მაისის მატჩში მოსაგებად ყველაფერს გააკეთებენ, ეს თავისთავად ცხადია. სხვათა შორის, გასულ მატჩებში გასვლით გამარჯვებასთან ყველაზე ახლოს სიენელი იყვნენ, რომლებმაც სერიის მეორე შეხვედრაში მილანში თამაში დამატებით დროში გადაიყვანეს, მაგრამ საბოლოოდ მაინც მასპინძლებმა იძალეს.
 
მე-6 შეხვედრაში სანიკიძემ მხოლოდ 10 წუთი ითამაშა, რის განმავლობაშიც 4 ქულა და 1 მოხსნა მოაგროვა. ქართველმა ფორვარდმა 3-დან 1 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. სიენელთა შორის 18 ქულით ბომბარდირი დანიელ ჰაკეტი გახდა, ბობი ბრაუნმა კი 15 ქულა მოაგროვა.
 
სერიის მე-7, გადამწყვეტი შეხვედრა 22 მაისს მილანში გაიმართება. გამარჯვებული გუნდი ნახევარფინალში გავა, სადაც „ვარეზეს“ დაუპირისპირდება.