„თოკო ძალიან მიყვარს, როგორც მოთამაშე, როგორც პიროვნება. თორნიკე შენგელია უმაღლესი დონის კალათბურთელია, გუნდის ლიდერია როგორც მოედანზე ასევე მის მიღმა. მისი შეჩერება ნებისმიერ მეურვეს უჭირს. ამიტომ, მეორე დამცველს ვახმარდი. თუმცა ასეთ დროს თორნიკე კარგ ასისტენტად იქცა – პასებს თავისუფალ სივრცეში მყოფ პარტნიორებს ურიგებდა – რატი ანდრონიკაშვილს, დუდა სანაძეს, გიორგი შერმადინს. შენგელიას თამაშმა მატჩის შედეგზე დიდი გავლენა იქონია. დიდი შრომა გასწია, დიდი ლიდერია. საქართველოსთვის ბედნიერებაა, რომ თორნიკე შენგელია ჰყავს“.
საინტერესოა, რომ უკრაინასთან 7 ივლისის მატჩზე მსჯელობა სკარიოლომ ქართველ კალათბურთელებზე საუბრით დაასრულა:
„უკრაინასთან მძიმე თამაში იქნება, ახალგაზრდული, ენერგიული გუნდია და მატჩს კარგად მომზადებული უნდა შევხვდეთ. ისე არ იქნება, როგორც პირველი თამაში, ესპანეთში. ზოგი ფიქრობს, რომ გამარჯვება ზოგჯერ იოლი მისაღწევია. ეს ასე არ არის, ყოველთვის დიდი შრომაა საჭირო, განსაკუთრებით ისეთი გუნდების წინააღმდეგ, როგორიც საქართველოა. შეიძლება ასეთ გუნდთან კარგი მომზადებაც და კარგი თამაშიც არ იყოს საკმარისი გამარჯვებისთვის. იმიტომ, რომ ჰყავს ტოპ-კლასის სამი კალათბურთელი – გიო შერმადინი, თოკო შენგელია და თად მაკფადენი. საქართველოს ნაკრებს დაემატება გოგა ბითაძე და კიდევ უფრო რთულად დასაძლევი მეტოქე იქნება. ეს კარგია ევროპული კალათბურთისთვის“.
იმ დარბაზში, რომელშიც ესპანეთი 4 ივლისს საქართველოსთან დამარცხდა, სექტემბერში კიდევ ხუთჯერ ითამაშებს – ევრობასკეტზე ესპანეთი ხომ საქართველო ჯგუფში მოხვდა. 1-7 სექტემბერს გუნდები ხუთ-ხუთ მატჩს გამართავენ.
„ამ დარბაზს, შეიძლება კიდევ ცოტა სჭირდება საბოლოოდ დასრულებისთვის, მაგრამ დიდებული, ცხელი გულშემატკივრობა იყო. ქომაგებმა საოცარი ატმოსფერო შექმნეს და რაც დამამახსოვრდა, ძალიან კორექტულები იყვნენ. სექტემბერში ჩამოვალთ და, დარწმუნებული ვარ, ევროპის ჩემპიონატზე ამ დარბაზში ყველა ვისიამოვნებთ“.