შეხვედრა ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ლიცენზიანტ კალათბურთელებთან

შეხვედრა ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ლიცენზიანტ კალათბურთელებთან

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინაში გაიმართა სამკაცა კალათბურთში საქართველოს ვაჟთა გუნდის წარდგენა, რომელმაც წარმატებით გაიარა საკვალიფიკაციო ეტაპი და მოიპოვა  2018 წლის ზაფხულის III ახალგაზრდული ოლიმპიურ თამაშების ლიცენზია. შესაბამისი ოფიციალური დოკუმენტი სეოკ-მა ამ დღეებში მიიღო კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციიდან (FIBA).  

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა კალათბურთელებს, მწვრთნელებს, ფედერაციას, მთელ სპორტულ საზოგადოებას მიულოცა ეს მნიშვნელოვანი წარმატება: „მინდა მოგილოცოთ და მადლობა გითხრათ თქვენს მიერ გაწეული შრომისთვის, რომელმაც ასეთი კარგი, შეიძლება ითქვას, ისტორიული შედეგი გამოიღო. პირველად მოხდა, რომ გუნდურ სათამაშო სახეობაში ჩვენმა სპორტსმენებმა ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვეს. მსოფლიოს ოც საუკეთესო გუნდს  შორის მოხვედრა და ოლიმპიელის სტატუსი თავისთავად სერიოზული წარმატებაა. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი კალათბურთელები ახლა უკვე არგენტინაში გამოიჩენენ თავს და მაღალი ადგილებითვის იბრძოლებენ,” – განაცხადა ლერი ხაბელოვმა.

შეკრებილ საზოგადოებას მიესალმა და კალთბურთელებს წარმატება მიულოცა საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ. ოლიმპიური საგზურის მოპოვების მნიშვნელობაზე, საამისოდ გაწეულ სამუშაოზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს  საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა, 3X3  კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გიგა გურგენიძემ და თბილისის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვახტანგ ნაცვლიშვილმა.

ახალგზრდა კალათბურთელებს – ზურაბ ჟღენტს, ვლადიმერ  ალავიძეს, ვახტანგ  გაფრინდაშვილს და ლუკა მაზიაშვილს გადაეცათ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სამახსოვრო საჩუქრები.

სეოკ-ის პრეზიდენტისგან საჩუქარი მიიღო აგრეთვე ცნობილმა სპორტულმა კომენტატორმა  ჯამლეტ ხუხაშვილმა,რომელსაც დღეს 74 წელი შეუსრულდა.

წყარო ➡ http://geonoc.org.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=38&info_id=2041