“ვირტუსმა მორიგი მატჩი მოიგო, თორნიკე შენგელია კი მატჩის MVP გახდა” – ამ სეზონში დამკვიდრებული ეს ფრაზა სულ უფრო და უფრო ხშირად ისმის, რაც იმის მაუწყებელია, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანი კი არ ნელდება, არამედ, უმატებს. შენგელია ყველგან საუკეთესოა – სადაც კი მის გუნდს უწევს ასპარეზობა – იქნება ეს ევროლიგა თუ იტალიის სერია A.
ამჯერად ბოლონიურმა გუნდმა სტუმრად, ვიტორიაში, ბასკონია დაამარცხა. ეს კი ის ქალაქი და გუნდია, სადაც შენგელიას ყველა იცნობს, უყვართ და აფასებენ. თორნიკეს ვარსკვლავი სწორედ ბასკონიაში ამობრწყინდა – ის ვიტორიელთა ნომერი პირველი მოთამაშე იყო წლების განმავლობაში, რომელმაც კოვიდ-პანდემიის პერიოდში გუნდს ნანატრი ჩემპიონობა მოუტანა.
ამჯერად სხვა დროა და შენგელია იყო იმის უპირველესი მიზეზი, რომ ბასკონიამ წააგო. ვირტუსის მაისურით ბასკეთში ჩასულმა თორნიკე შენგელიამ თავის გუნდს გამარჯვებისკენ ულიდერა. ბოლონიელებმა 91:81 დაამარცხეს ვიტორიელები და ევროლიგის ცხრილში მე-3 ადგილზე გამაგრდნენ.
ქართველმა ფორვარდმა მოედანზე 29:15 წუთი გაატარა, რა დროშიც 16 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასი დააგროვა. თოკომ 10-დან 4 ორქულიანი, 3-დან ერთი სამქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. მატჩის ბომბარდირი მარკო ბელინელი გახდა, რომელმაც 27 ქულა ჩააგდო, თუმცა საერთო სარგებლიანობის ინდექსით, რითაც MVP ვლინდება, ბოლონიელთაგან საუკეთესო შენგელია იყო. თორნიკეს ეს მაჩვენებელი (20) ბელინელიზე (19) ერთი მეტი ჰქონდა.
14 ტურის შემდეგ ბოლონიელებს 10 მოგება აქვთ და 18-გუნდიან ცხრილში მესამე ადგილზე არიან. იტალიური კლუბი მე-15 ტურში ბერძნულ ოლიმპიაკოსს უმასპინძლებს.