შენგელია ისევ ხუთეულშია და ევროლიგას მიუახლოვდა

შენგელია ისევ ხუთეულშია და ევროლიგას მიუახლოვდა

თორნიკე შენგელიას ერთი ნაბიჯი დარჩა ევროლიგამდე. ევროპის ყველაზე წარმომადგენლობით და პრესტიჟულ ტურნირში მოხვედრამდე 19 წლის ქართველის გუნდ „შარლერუას“ ჩეხური „ნიმბრუკის“ დამარცხებაღა აკლია. ბელგიურმა კლუბმა საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში გერმანული „ალბა“ დაამარცხა და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
 
სანამ ამ შეხვედრაზე გადავალთ, საკვალიფიკაციო ტურნირის შესახებ ვთქვათ ორიოდ სიტყვა. ევროლიგის მომავალ, 2011–12 წლების სეზონში 24 გუნდი გამოდის, რომლებიც ჯგუფებში უკვე განაწილებულები არიან. დარჩენილია 2 ვაკანტური ადგილი, რომლებსაც საკვალიფიკაციო მინი–ტურნირების გამარჯვებულები დაეპატრონებიან. ორ ქალაქში – ლიტვურ ვილნიუსსა და ბელგიურ შარლერუაში მიმდინარეობს ეს ტურნირები. თითოეულში 8 გუნდი მონაწილეობდა და ამ ეტაპზე ფინალისტები უკვე გამოვლინდნენ. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბელგიაში მიმდინარე ტურნირის ფინალისტები „შარლერუა“ და „ნიმბრუკი“ არიან. რაც შეეხება ვილნიუსს, იქ ფინალში ადგილობრივი „ლიეტუვოს რიტასი“ და თურქული „გალათასარაი“ გავიდნენ.
 
„შარლერუას“ ნახევარფინალში დიდი ჯაფა არ დასდგომია – გერმანული „ალბა“ 74:63 დაამარცხა. შენგელიას გუნდმა ბეწვის ხიდზე მეოთხედფინალში გაიარა, როცა უკრაინულ „დონეცკს“ დრამატულ ბრძოლაში 2 ქულით მოუგო. 19 წლის ქართველი ფორვარდი „ალბასთანაც“ ხუთეულში იყო, თუმცა ამჯერად მოედანზე შედარებით მცირე ხნით – 9 წუთით იმყოფებოდა. შენგელია საკმაოდ შედეგიანი გახლდათ, მან 5 ქულა და თითო ჩაჭრა–პასი მოაგროვა. თორნიკემ 4–დან 2 ორქულიანი და 2–დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 1 სამქულიანი ააცილა. ევროლიგის ვებ–გვერდის მიმომხილველები განსაკუთრებულად აღნიშნავენ ახალგაზრდა ქართველის ეფექტურად ჩატენილ ბურთს, რის შემდეგაც „შარლერუა“ მეორე მეოთხედის დასაწყისში 26:16 დაწინაურდა.
 
„შარლერუას“ ევროლიგის საგზურისთვის მატჩში მეტოქედ კერკეტი გუნდი ჰყავს. სპეციალისტები ნაკლებად ელოდნენ, რომ „ნიმბრუკი“ რუსეთის ნაკრების საბაზისო გუნდ „ხიმკის“ დამარცხებას მოახერხებდა. ჩეხურმა კლუბმა მცირე სასწაული მოახდინა და რუსული მონსტრი 86:79 დაამარცხა.
 
მოიპოვებს თუ არა შენგელიას გუნდი ევროლიგის საგზურს, დღეს ღამე გადაწყდება. „შარლერუა“ – „ნიმბრუკის“ დაპირისპირება თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება.