ვირტუს ბოლონიასა და საქართველოს ნაკრების კალათბურთელი თორნიკე შენგელია, რომელიც მიმდინარე სეზონში ჩინებულ ფორმაში იმყოფება, იტალიის სერია A-ს უძვირფასესი მოთამაშე (MVP) გახდა.
ეს მოსალოდნელიც იყო მას შემდეგ, რა სტატისტიკაც ქართველმა მძიმე ფორვარდმა სასარი დინამოსთან მოგებულ მატჩში (80:66) აჩვენა. შეგახსენებთ, რომ თორნიკემ ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 30 წუთში სამმაგ დუბლამდე ერთადერთი პასი დააკლდა.
გასულ შეხვედრაში შენგელიას ანგარიშზე 10 ქულა, 12 მოხსნა და 9 პასი იყო. მან 5-დან 3 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო გამოიყენა, პერიმეტრის ხაზიდან კი ერთხელ ისროლა და არაზუსტად. ქართველი ლეგიონერის +/- მაჩვენებელი +17 გახლდათ. რაც შეეხება პასივს, შენგელიამ 5-ჯერ დაკარგა ბურთი და მხოლოდ 2-ჯერ დაჯარიმდა.
სათქმელია ისიც, რომ MVP-ს გამოკითხვაში თორნიკემ კონკურენტებს საგრძნობლად აჯობა. ქართველმა კალათბურთელმა ხმების 55.3% მიიღო, ლენგსტონ გელოვეის (რეჯო ემილია) 26.3% ერგო, კრუიზ პინკინსს (სკაფატი) კი – 18.4%.
ვირტუსს იტალიაში ოთხივე მატჩი მოგებული აქვს და ბრეშასთანა და გიგა ჯანელიძის ვენეციასთან ერთად ლიდერობს, მომდევნო თამაშს კი 30 ოქტომბერს გასვლაზე ნაპოლისთან ჩაატარებს. მანამდე, კონკრეტულად კი, 27 ოქტომბერს, ბოლონიელები ევროლიგის ეგიდით ფრანგულ ვილერბანს ესტუმრებიან.