შენგელია საუკეთესო იყო, თუმცა ცსკა-მ ევროლიგის მე-3 ადგილიც დათმო

შენგელია საუკეთესო იყო, თუმცა ცსკა-მ ევროლიგის მე-3 ადგილიც დათმო

მოსკოვის ცსკა-მ, რომლის ღირსებასაც თორნიკე შენგელია იცავს, ევროლიგის ოთხთა ფინალის მეორე მატჩიც წააგო და ასპარეზობა ბოლო ადგილზე დაასრულა. რუსულმა კლუბმა ნახევარფინალი თურქულ ანადოლუ ეფესთან 86:89 წააგო, დღეს კი, მე-3 ადგილისთვის შეხვედრაში იტალიურ მილანთან 73:83 დამარცხდა.

ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და შედეგიანადაც ითამაშა. მან 28:07 წუთში 18 ქულა, 9 მოხსნა (2 შეტევაში), 3 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა. თოკომ 11-დან 6 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 3-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

შედეგად, ქართველი მძიმე ფორვარდის სარგებლიანობის კოეფიციენტი 26-ს გაუტოლდა და ეს, ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო. სათქმელია ისიც, რომ შეხვედრის საუკეთესო მომენტიც შენგელიას ეკუთვნოდა: მან ფარქვეშ კაილ ჰაინსის წინააღმდეგობა არ შეიმჩნია და ეფექტური სლემი შეასრულა.

მილანელთა მხრიდან 11 და მეტი ქულა ერთბაშად ხუთმა კალათბურთელმა ჩააგდო და მათი წარმატების საფუძველიც სწორედ კარგი გუნდური თამაში გახდა.