ევროლიგაში ზედიზედ მე-3 მარცხი იწვნია და ლიდერებიდან მე-8 ადგილამდე ჩამოქვეითდა ვირტუს ბოლონია, რომლის ერთ-ერთი ლიდერი საქართველოს ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია გახლავთ. ბოლონიელებმა მორიგი მატჩი კაუნასში, ჟალგირისთან გამართეს და პირველი ნახევრის შემდეგ არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდათ. ვირტუსმა ტაიმი 6 ქულის სხვაობით მოიგო, მაგრამ მეორეში მასპინძლებმა მოახერხეს თამაშის საკუთარ კალაპოტში ჩაყენება და საბოლოოდ 96:81 იმარჯვეს.
მარცხის მიუხედავად, თორნიკე შენგელია მოედანზე საუკეთესო იყო. ქართველმა კალათბურთელმა 29 წუთში 19 ქულა, 3 მოხსნა, 5 პასი და 1 დაფარება მიითვალა. თორნიკემ 7-დან 5 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, მისი ეფექტიანობის კოეფიციენტი 23-ს გაუტოლდა.
ბოლონიური კლუბი ევროლიგაში ზედიზედ მესამედ დამარცხდა. ამგვარად, 17 გამარჯვებით და 13 მარცხით მე-7 ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 22 მარტს, ბელგრადში, ცრვენა ზვეზდას დაუპირისპირდება.