შენგელია ვირტუს ბოლონიას ევროთასის ფინალში შეუძღვა

შენგელია ვირტუს ბოლონიას ევროთასის ფინალში შეუძღვა

თორნიკე შენგელიას წინამძღოლობით ბოლონიური  “ვირტუს სეგაფრედო” ევროთასის ფინალში გავიდა. სატიტულო მატჩი 11 მაისს ბოლონიაში გაიმართება და თორნიკე შენგელიას გუნდის მეტოქე თურქული ბურსასფორი იქნება. მანამდე თოკომ და კომპანიამ ვალენსია მისსავე დარბაზში 83:73 დაამარცხა, ხოლო საქართველოს ნაკრების კაპიტანი 15 ქულით სტუმართა რიგებში საუკეთესო იყო.

მოულოდნელად სერჯო სკარიოლომ თორნიკე შენგელია სასტარტო ხუთეულში არ დააყენა, ის მოედანზე პირველი მეოთხედის მეორე ნახევარში გამოჩნდა და ეგრევე გუნდის ლიდერობა იტვირთა მარკო ბელინელისთან ერთად (ერთი მონაკვეთი ვირტუსმა 14:1 მოიგო). საერთო ჯამში, ქართველმა კალათბურთელმა 26:04 წუთი ითამაშა და გუნდს 15 ქულა, 3-3 მოხსნა და პასი მოუტანა. ძალზე ეფექტური იყო ბელინელიც, რომელმაც მხოლოდ 19:21 წუთი ითამაშა, მაგრამ 14 ქულის ჩაგდება შეძლო. კარგად ითამაშეს ტეოდოშიჩმა (12) და სემპსონმაც (10). წაგებულთა რიგებში 17 ქულა რივეროს ანგარიშზეა.

თორნიკემ 9-დან 7 ორქულიანი ჩააგდო. აი, შორი დისტანციიდან (3-დან 3 ააცილა) და საჯარიმოს ხაზიდან (4-დან 1 ჩააგდო) კი უზუსტოდ ესროლა. მის ანგარიშზეა თითო ჩაჭრა და დაფარებაც. მარგი ქმედების კოეფიციენტით შენგელია (16 ქულა) ვირტუსის საუკეთესო მოთამაშე გახდა. 

ფინალში გასვლით “ვირტუს ბოლონიამ” მომავალი სეზონისთვის ევროლიგის საგზური მოიპოვა. ულებ-მა ფორმატი შეცვალა და თუკი აქამდე მხოლოდ გამარჯვებულს აძლევდა ევროლიგის საგზურს, ახლა ევროთასის ფინალისტებს გადასცემს.