თორნიკე შენგელია დიდებულ ფორმაშია, ვირტუს ბოლონია კი იგებს. იტალიურმა კლუბმა ევროლიგის მორიგი ტურის მატჩი საფრანგეთში, ვილერბანს 87:84 მოიგო და წარმატებული მატჩების სერია 7-ამდე გაზარდა. უშუალოდ ევროლიგაში 5 ტურის შემდეგ ბოლონიელებს 4 მოგება აქვთ და ლიდერთა შორის არიან.
ამ წარმატების მთავარი სულისჩამდგმელი თორნიკე შენგელიაა. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი მოგებების ლერსებზე შემდგარ იტალიურ კლუბს უმეტეს მატჩებში ლიდერობს. ასე იყო ვილერბანთან მოგებულ შეხვედრაშიც, რომლის MVP ტიტული თორნიკემ დამსახურებულად მიიღო.
შენგელია ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 34:10 წუთში სარგებლიანობის ყველაზე მსუყე (29) ინდექსი დაუგროვდა. ქართველმა ფორვარდმა 18 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა. შენგელიამ 5-დან 4 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, პასივში 1 დაკარგვა და 3 პერსონალური ფოლი ჰქონდა, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
ბოლონიელთა რიგებში გამორჩეული იყო ასიეა კორდინიეც 20 ქულით, მარკო ბელინელიმ 16 ქულა ჩააგდო, ჯორდან მიკიმ კი – 11. ვილერბანის მხრიდან გამოირჩნენ იუსუფა ფოლი (16), ჟოფრი ლოვერნი (14), მაიკ სკოტი (13) და ნანდო დე კოლო (12).
ბოლონიელები სატურნირო ცხრილში ბარსელონასთანა და ვალენსიასთან ერთად მეორე-მეოთხე ადგილებს ინაწილებენ, ერთპიროვნული ლიდერი კი კიდევ ერთი ესპანური კლუბი რეალია, რომელსაც მაქსიმალური შედეგი აქვს. ვირტუსი ევროლიგაში მომდევნო მატჩს 3 ნოემბერს შინ თურქულ ანადოლუ ეფესთან ჩაატარებს.