შენგელიამ ბასკონიას მადრიდში ფინალური სერიის პირველივე მატჩი მოაგებინა

შენგელიამ ბასკონიას მადრიდში ფინალური სერიის პირველივე მატჩი მოაგებინა

თორნიკე შენგელიამ და მისმა “ბასკონიამ” ესპანეთის ჩემპიონატის პლეი ოფი საამაყო გამარჯვებით დაიწყეს. ბასკონიელებმა პირველივე მატჩში მადრიდში “რეალი” დაამარცხეს და ევროლიგის ტრიუმფატორსა და ესპანეთის მოქმედ ჩემპიონს მოედნის უპირატესობა წაართვეს.

თორნიკე შენგელიას აქტიური მონაწილეობით, თანაბრად მიმდინარე მატჩის ბოლო წუთებზე ბასკონიელებმა შეხვედრა სათავისოდ შემოატრიალეს, საბოლოოდ კი 94:90 (სტატისტიკა) გაიმარჯვეს და ესპანეთის ჩემპიონობაზე სოლიდური განაცხადი გააკეთეს.

დრამატული გამოდგა მატჩის ბოლო წუთები, როცა თორნიკე შენგელიამ სავსე ტრიბუნების წინაშე “ბასკონიას” სასარგებლოდ თამაში შემოატრიალა: საფინალო სირენამდე 2:39 წუთით ადრე “რეალი” 82:79 იგებდა, როცა თორნიკემ საჯარიმოების სროლის უფლება მოიპოვა, ორიდან ერთი ჩააგდო და ჩამორჩენა შეამცირა – 80:82.

საფინალო სირენამდე 2:16 წუთით ადრე გერმანელმა იოჰან ვოიტმანმა ჯარიმებით ანგარიში გაათანაბრა – 82:82. დასრულებამდე 95 წამით ადრე კი შენგელია “რეალის” ფარქვეშ შეიჭრა, გუსტავო აიონი ჩამოიშორა (მასპინძები შეტევაში ჯარიმას ითხოვდნენ), ორქულიანი ჩააგდო და “ბასკონია” წინ გაიყვანა – 84:82. მადრიდელმა სერხიო ლულმა და ბასკონიელმა ლუკა ვილდოსამ 2-2 ქულა გაცვალეს და კვლავ შენგელიას ჯერი დადგა: საფინალო სირენამდე 22 წამით ადრე თორნიკემ კიდევ მოიპოვა საჯარიმოს ხაზზე დადგომის უფლება, ამჯერად ორივე ტყორცნა გამოიყენა და მატჩის ბედი ბასკონიელთა სასარგებლოდ გადაწყვიტა – 88:84.

დარჩენილ დროში მადრიდელები კი ეცადნენ, მაგრამ საბოლოოდ არაფერი გამოუვიდათ და 4 ქულით დამარცხდნენ. შენგელია სტუმართაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ის სასტარტო ხუთეულში გახლდათ და მოედანზე ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე მეტი – 30:07 წუთი დაჰყო. თორნიკემ 6-დან 3 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო და 12 ქულას 7 მოხსნა (2 შეტევაში), 3 პასი და 1 ჩაჭრა წაამატა. თოკომ ბურთი 4-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ 7-ჯერ დაჯარიმდნენ.

16 ქულით ბომბარდირი ლუკა ვინდოზა გახდა, ვინსენ პუარემ კი 13 ქულა და 5 მოხსნა დააგროვა. “რეალში” 20 ქულით ჯეისი კეროლი გამოირჩა, 14 ქულა სერხიო ლულის ანგარიშზე დაგროვდა, ხოლო ლუკა დონჩიჩისა და ვალტერ ტავარესმა 12-12 ქულა მიითვალეს.

ფინალური სერიის მეორე მატჩი ისევ მადრიდში, 15 ივნისს გაიმართება.