შენგელიამ “ბასკონიაში” კარიერის რეკორდი ევროლიგის მატჩში, მაკაბისთან დააფიქსირა – 31 ქულა!

შენგელიამ “ბასკონიაში” კარიერის რეკორდი ევროლიგის მატჩში, მაკაბისთან დააფიქსირა – 31 ქულა!

თორნიკე შენგელიას ფანტასტიკური შედეგი ევროლიგაში. ესპანური “ბასკონიას” ქართველმა კაპიტანმა ისრაელის “მაკაბისთან” მე-8 ტურის მატჩში 31 ქულა მიითვალა და სამწუხარო ისაა, რომ მისი დიდებული გარჯა მოგებით არ დაფასდა. ქართველ ფორვარდს თანაგუნდელებმა მხარი სათანადოდ ვერ აუბეს და ბასკონია შინაურ არენაზე 83:113 დამარცხდა. 

მატჩის მეორე პერიოდი ბასკონიელებმა 11:27 წააგეს, რის შემდეგ 32:55 ჩამორჩნენ და ფაქტობრივად წასაგებად გაიწირნენ. მასპინძელთა გუნდში ერთადერთი ნათელი წერტილი ქართველი ლეგიონერი გახლდათ, რომელმაც 36:09 წუთში 31 ქულა, 8 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. შენგელიამ 9-დან 5 ორქულიანი, 9-დან 6 სამიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. შედეგად ქართველის სარგებლიანობის ინდექსმა 32-ს მიაღწია, რაც, ცხადია, ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი იყო. ძნელია, მისი ეს მონაგარი მე-8 ტურში ვინმემ გადაფაროს, თუმცა მიენიჭება თუ არა მას ტურის MVP-ის ტიტული, ამას ევროლიგის ხელმძღვანელობა გადაწყვეტს.

ამ სეზონში შენგელია ორჯერ დაასახელეს ევროლიგის ტურის საუკეთესო მოთამაშედ, თუმცა ორჯერვე ამაზე ნაკლები მარგი ქმედების კოეფიციენტი – 28 ჰქონდა. 31 ქულა მისი კარიერის საუკეთესო მაჩვენებელია ბასკონიას ფორმით (არა მხოლოდ ევროლიგაში). მარგი ქმედების კოეფიციენტი კი მეტი ჰქონია – 2017 წელს ცსკა-სთან – 33. 

3 მოგებითა და 5 მარცხით “ბასკონია” 18-გუნდიან ევროლიგაში მე-12 ადგილზეა. შემდეგ შეხვედრას შენგელიას გუნდი 20 ნოემბერს, ვიტორიაში, მოსკოვის ცსკა-სთან გამართავს.