შენგელიამ D-ლიგაში მორიგი ორმაგი დუბლი შეასრულა: 24 ქულა, 13 მოხსნა

შენგელიამ D-ლიგაში მორიგი ორმაგი დუბლი შეასრულა: 24 ქულა, 13 მოხსნა

საქართველოს ნაკრებისა და „ბრუკლინ ნეთსის“ ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ ნბა-ს განვითარების ლიგაში მორიგი მატჩი ჩაატარა და კვლავ თავი გამოიჩინა. ბრუკლინელების ეგრედ წოდებულმა ფარმ-კლუბმა ქართველი ფორვარდის ლიდერობით მორიგი მატჩი მოიგო. „სპრინგფილდ არმორმა“ „სანტა კრუზ უარიორზს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში -111:100 დაამარცხა.
 
შენგელიამ 2 დღის წინ „სპრინგფილდის“ შემადგენლობაში 39 ქულა და 18 მოხსნა მიითვალა, დღეს, გამთენიისას კი D-ლიგაში მორიგი მატჩი გამართა და კვლავ ორმაგი დუბლი შეასრულა. ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 36,39 წუთი გაატარა. თორნიკემ 12-დან 8 ორქულიანი, 4-დან 3 სამიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. შენგელიამ ჯამში 24 ქულა მოაგროვა, რასაც 13 მოხსნა, 3 პასი, 3 ჩაჭრა და 2 დაფარება მოაყოლა.
 
შენგელიაზე 2 ქულით მეტი მოაგროვა „ბრუკლინის“ მეორე ახალწვეულმა ტაიშონ ტეილორმა, რომელმაც მთლიანობაში 26 ქულა, 6 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. 16 ქულა და 13 მოხსნა ჰქონდა ვილი რიდს. სწორედ ამ კალათბურთელებისა და შენგელიას შედეგიანობით „სპრინგფილდმა“ მორიგი გამარჯვება მოიპოვა. 8 გამარჯვებითა და 15 მარცხით „არმორი“ აღმოსავლეთ დივიზიონში ბოლო, მე-5 ადგილზეა. მორიგ მატჩს სპრინგფილდელები ხვალ გამართავენ. შენგელიას გუნდი დივიზიონში მე-2 ადგილზე მყოფ “მეინს” შეხვდება.
მატჩის VIDEOრგოლი: http://www.nba.com/dleague/games/20130126/SCWSPG/gameinfo.html#nbaGIboxscore