თორნიკე შენგელიამ ევროლიგის ახალი სეზონი შედეგიანად დაიწყო, თუმცა ეს მის პირად მონაგარს ეხება. იტალიტრმა ვირტუს ბოლონიამ, რომლის ღირსებასაც ქართველი ფორვარდი იცავს, ევროლიგის პირველ ტურში კაუნასის ჟალგირისს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში – 79:82 დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ ბოლონიური გუნდი მეორე პერიოდის მიწურულს 15 ქულით იგებდა და თითქოს მასპინძლების გამარჯვებას წინ არაფერი ედგა, მაგრამ კაუნასელებმა ჯერ ჩამორჩენა შეამცირეს, მეორე ნახევრიდან კიდევ უფრო მოუმატეს და თამაშში დაბრუნდნენ. ბოლო პერიოდში კინენ ევანსის შედეგიანობით ჟალგირისმა გამარჯვებამდე მისვლა მოახერხა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანი, რა თქმა უნდა, სასტარტო ხუთეულში იყო, მან ჯამში 31:01 წუთი ითამაშა და გუნდს 17 ქულა მოუტანა (2 სამქულიანი). მეტი ვირტუსში მხოლოდ ჯორდან მაიკიმ ჩააგდო (18). შენგელიას ანგარიშზე 4-4 მოხსნა და პასიცაა. მარგი ქმედების კოეფიციენტით (21) თოკო მხოლოდ თანაგუნდელ ისაია კორდინერს (22) ჩამორჩა. ჟალგირისში საუკეთესო (25 ქულით) კინენ ევანსი იყო.
ევროლიგის მორიგ ტურში, 13 ოქტომბერს, შენგელიას ვირტუსი მონაკოს ესტუმრება, სადაც მთავარი მწვრთნელის, საშა ობრადოვიჩის ასისტენტი მანუჩარ მარკოიშვილია.